- შესაძლოა, მოგიწიოთ პროექტის განხორციელების ორი (ან მეტი) ფაზის ერთდროულად გავლამ შეთანხმებული ვადების მოახლოების გამო. წინა ფაზის დასრულების გარეშე შემდეგ ფაზაზე მუშაობის დაწყება ზრდის უკვე შესრულებული სამუშაოს ხელახლა გაკეთების რისკს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაწესებული ვადების დარღვევა და რესურსების დაგეგმილ ოდენობაზე მეტის დახარჯვა. აღნიშნული სტრატეგიის არჩევის შემთხვევაში პროექტის მონაწილეები აუცილებლად იგრძნობენ მოსალოდნელ რისკებსა და ზედმეტ დანახარჯებს.
- ზოგჯერ კეთების შედეგად სწავლობთ. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ ვცდილობთ დეტალური სამუშაო გეგმის შემუშავებას და თითქოს თითოეული ნაბიჯი გათვლილი გვაქვს, ზოგჯერ მაინც ვერ ხერხდება დასახული ნაბიჯებით სიარული. ამ შემთხვევაში საჭიროა წინა ფაზაზე დაბრუნება და შესასრულებელი სამუშაოების თავიდან გაანალიზება რეალური სიტუაციის გათვალისწინებით.
- ზოგჯერ რაღაცები მოულოდნელად იცვლება. თითქოს ყველაფერი კარგად არის შეფასებული და გეგმაც დეტალური და რეალისტურია, თუმცა ცვლილებები ყოველთვის გვახსენებს თავს. მაგალითად, პროექტის მსვლელობისას შესაძლებელია პროექტის გუნდის მონაწილეთა გარკვეული ნაწილის მიერ ორგანიზაციის დატოვება გაფრთხილების გარეშე, ან შესაძლებელია ახალი ტექნოლოგიების გამოჩენა, რომელთა გამოყენებაც უფრო ხელსაყრელია გეგმის შესასრულებლად, ვიდრე ის, რომელსაც ორგანიზაცია მანამდე იყენებდა. რადგანაც ამ ახალი გარემოებების გაუთვალისწინებლობით შეიძლება სერიოზული საფრთხე შეექმნას პროექტის წარმატებას, აუცილებელია პროექტის წინა ფაზებზე დაბრუნება და ახალ გარემოებათა გათვალისწინებით შესასრულებელი სამუშაოს თავიდან გააზრება.
პროექტის მართვა მარტივად - სტენლი ი. პორტნი