ჯონ საზერლენდს თქვენი დახმარება სჭირდება. ჯონი საშუალო მასშტაბის საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. მისი კომპანია კლიენტებს სტრატეგიასა და ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებულ საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს. ჯონი თავისი კომპანიის სამომავლო შესაძლებლობათა შესახებ გარე პირების მოსაზრებების გაგება სურს.
ჯონმა კომპანია ორი ათწლეულის წინ დააარსა და ახლა, მსოფლიოს მასშტაბით, 210 თანამშრომელი ჰყავს. მისი მიზანია, სხვა კომპანიების მენეჯერებს ეფექტიანი სტრატეგიების ჩამოყალიბებაში, სტრატეგიული მართვის გაუმჯობესებასა და ორგანიზაციის გარდაქმნაში დაეხმაროს. მისი პირდაპირი კონკურენტები - მაკკინზი, ბეინი და როლანდ ბერგერი არიან. მისი ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ თავის მაღალი კლასის კონკურენტებზე პატარაა, ხოლო, ნიშაზე ორიენტირებულ, სტრატეგიულ საკონსულტაციო კომპანიებზე - ბევრად დიდია. თუმცა, ჯონს ეს საკითხი არ აწუხებს, რადგან მისი კომპანია მაინც საკმარისად კარგად მუშაობს. სინამდვილეში, მას სხვა რამ აწუხებს. ერთი მხრივ, ბაზარზე სტრატეგიული კონსულტანტის, როგორც პროფესიის, რეპუტაცია სუსტია, მეორე მხრივ, კლიენტები თვლიან, რომ ფართოდ გავრცელებული, საათობრივი და პროექტის მიხედვით დადგენილი ანაზღაურების მოდელი მოძველდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯონის კომპანიის რეპუტაცია არ გაუარესებულა, მან რამდენიმე კლიენტისგან შეიტყო, რომ, მათი აზრით, კონსულტანტები ზედმეტად დიდ თანხას ითხოვენ მიუხედავად იმისა, რომ მათი ნამუშევარი მოლოდინს არ ამართლებს. ამასთანავე, კლიენტების თქმით, კონსულტანტები პროექტებს საკმარისი პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან.
ჯონისთვის ასეთი კომენტარები საგანგაშოა, რადგან მას სჯერა, რომ აღნიშნულ ინდუსტრიაში ყველაზე გონიერი ადამიანები არიან დასაქმებულნი. ბევრი ფიქრის შემდეგ მან დაასკვნა, რომ მსგავსი რეპუტაცია მოძველებული ბიზნესმოდელის შედეგია და მას ახლა თავისი კომპანიის მიდგომის შეცვლა სურს. ჯონის მიზანია, საათობრივ და პროექტის მიხედვით დადგენილი ანაზღაურების სისტემაზე ხელი აიღოს, თუმცა არ იცის, ეს როგორ განახორციელოს.
დაეხმარეთ ჯონს და გაუზიარეთ მას ახალი შეხედულება საკონსულტაციო კომპანიის ინოვაციური ბიზნესმოდელების შესახებ.
როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ავტორი: ალექსანდრ ოსტერვალდელი და ივ პენიე