ყველა ორგანიზაცია განიცდის გარე გარემოში არსებული ფაქტორების გავლენას, როგორებიცაა: გლობალური ეკონომიკა, კონკურენცია, ტექნოლოგიური ცვლილებები, სოციალური ტენდენციები, საკანონმდებლო რეგულაციები. სხვადასხვა სახის კვლევებით არის დადგენილი, რომ დაგეგმვა ხელს უწყობს ორგანიზაციის მოგების ზრდას და არსებობს დადებითი კორელაცია დაგეგმვასა და ორგანიზაციის წარმატებას შორის. დაგეგმვა ზრდის არამარტო ორგანიზაციის მწარმოებლურობას, არამედ სამუშაოს შესრულებით მიღებულ კმაყოფილებასაც. ხოლო ორგანიზაციები, რომლებიც იყენებენ დაგეგმვას, ხშირ შემთხვევაში, წარმოებას აფართოებენ კიდეც. ისეთი შემთხვევებში, რომლებშიც დაფიქსირდა დაგეგმვის შედეგად სამუშაოს შესრულების მაღალი ხარისხის ვერ უზრუნველყოფა, ასევე ფიქსირდება გარე გარემოს არახელსაყრელი პირობები.
საინტერესოა, აქვს თუ არა ფორმალურ დაგეგმვას ნაკლოვანებები? - ინფორმაციისთვის მოვიყვანოთ კრიტიკოსების მიერ გამოთქმული მოსაზრებები:
- დაგეგმვა ორგანიზაციას აიძულებს იმოქმედოს გარკვეულ ჩარჩოებში. მიზნების ჩამოყალიბებისა და გეგმების შედგენისას ძირითადად მენეჯერები თვლიან, რომ გარემო არ შეიცვლება საგრძნობლად. თუ ეს მოსაზრება აღმოჩნდება მცდარი და თუ მმართველი რგოლი გააგრძელებს არსებული გეგმის მიხედვით ზედმიწევნით ზუსტად მოქმედებას, მაშინ ორგანიზაცია შეიძლება აღმოჩნდეს რთულ მდგომარეობაში.
- შეუძლებელია ფორმალური გეგმის შემუშავება დინამიური გარემოს შემთხვევაში. დღეს ბიზნეს გარემო სწრაფად ცვალებადი და არაპროგნოზირებადია, ამიტომ საჭიროა დამატებითი მოქნილობა, რასაც ფორმალური გეგმები ბუნებრივად ზღუდავს.
- ფორმალურ გეგმას არ შეუძლია შეცვალოს ინტუიცია და შემოქმედება. ორგანიზაციის წარმატება, როგორც წესი, აიხსნება ვიღაცის მიერ სწორი ხედვით. ფორმალური გეგმა კი ამ ხედვას აქცევს გარკვეულ ჩარჩოებში. მაგალითად, 80-იან წლებში Apple-ის წარმატება განაპირობა მისი ერთ-ერთი დამფუძნებლის სტივ ჯობსის შემოქმედებითმა ხასიათმა. ორგანიზაციის გაფართოების შემდეგ სტივ ჯობსი გრძნობდა ფორმალური დაგეგმვის აუცილებლობას, რაც პრინციპში ეწინააღმდეგებოდა მის ხასიათს, ამიტომ მან გადაწყვიტა დაექირავებინა ახალი აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც ყურადღება გაამახვილა ფორმალურ გეგმებზე და ფაქტობრივად, შეამცირა ორგანიზაციაში შემოქმედებითი სული. შედეგად, 1996 წელს კომპანია იბრძოდა გადარჩენისათვის. სიტუაცია იმდენად გართულდა, რომ სტივ ჯობსს ისევ მოუწია სადავეების ხელში აღება და უკვე ერთი წლის შემდეგ ორგანიზაციის შედეგები მკვეთრად გაუმჯობესდა.
- ფორმალური დაგეგმვა ძირითადად ფოკუსირებულია დღევანდელ კონკურენციაზე და არა სამომავლო ტენდენციებზე. ფორმალური დაგეგმვა ორიენტირებულია იმ დარგიდან მიიღოს ორგანიზაციამ სარგებელი, რომელშიც ის მოღვაწეობს. მაგრამ თუ გავიხსენებთ Intel-ს და Sony-ს, რომელთა წარმატებები განპირობებული არის ახალი ბაზრების ათვისებასა და განვითარებაში, მაშინ გასაგები გახდება ჯერჯერობით „არამომგებიანი“ საქმიანობის დაწყების აზრი.
- ფორმალური დაგეგმვა შთააგონებს მენეჯმენტს გაუმართლებელ ნდობას მომავლისადმი. წარმატება უზრუნველყოფს წარმატებას - ეს არის “ამერიკული ტრადიცია”. არ არის საჭირო რაიმეს შეკეთება მანამ, სანამ არ გაფუჭებულა იგი - არის კი ეს გამონათქვამი სწორი? შეიძლება არა! ადამიანებს ხშირად უჭირთ იმაზე უარის თქმა, რაც აქამდე წარმატებით მუშაობდა. ამიტომაც მათ უყალიბდებათ არსებულით კმაყოფილების შეგრძნება.