თანამედროვე ჩატბოტის მთავარ თვისებას ინტელექტი წარმოადგენს, მას ადამიანის როლის შესრულება მოეთხოვება, თუმცა საინტერესოა - რამდენად ახერხებს ჩატბოტი საკომუნიკაციო ამოცანებში ადამიანის ჩანაცვლებას?
დასმულ კითხვაზე თითქმის 100%-იან პასუხს ე.წ. ტიურინგის ტესტი იძლევა, რომელიც ალან ტიურინგმა 1950 წელს შექმნა და რომლითაც მოწმდება კომპიუტერის უნარი - ჩაანაცვლოს ადამიანი. ტესტის შინაარსი შემდეგნაირია: „ადამიანი ესაუბრება უხილავ კომპიუტერს ან სხვა ადამიანს. დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხებით მან უნდა დაადგინოს, ადამიანთან საუბრობს თუ კომპიუტერთან. თავის მხრივ, კომპიუტერის ამოცანაა, კითხვებზე ისეთი პასუხი გასცეს, რომ მოსაუბრეს თავი ადამიანად მოაჩვენოს“
დღესდღეობით, უმრავლეს შემთხვევებში, საეჭვო/რთული კითხვების დასმით, ჩატბოტების უმრავლესობის „გამოტეხვა“ შესაძლებელია, თუმცა მომავალში ალბათ უფრო მეტად გართულდება. ყოველწლიურად ტარდება მრავალრიცხოვანი კონკურსები „ტიურინგის ტესტის“ გავლაზე, რომელთაგან ყველაზე პრესტიჟულია ლობნერის პრემია (Loebner prize). ჩატბოტი მიცუკუ (Mitsuku) ამ პრემიის ხუთგზის მფლობელია და მათგან ოთხი ზედიზედ - 2016, 2017, 2018 და 2019 წლებში მოიპოვა[1].
მეორე მხრივ, ბიზნესს და კერძოდ, ელექტრონული კომერციის სისტემებს არც სჭირდებათ ყოველმხრივ სრულყოფილი ჩატბოტები. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩატბოტის ხელოვნურმა ინტელექტმა უსაგნო კითხვებზე (მაგალითად, „დედა უფრო გიყვარს თუ მამა?“) ზოგადი, ცივი და თავაზიანი პასუხი გასცეს, ხოლო საგნობრივზე (მაგალითად, „როდის გექნებათ ფასდაკლება სათხილამურო აღჭურვილობაზე?“) ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელს.
ჩატბოტები საუბრობენ ამინდზე, ყვებიან ახალ ამბებს, სთავაზობენ ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრის გზებს, ეხმარებიან ფინანსების მართვაში. მაგალითად, კომპანია Microsoft-ის შექმნილი ჩატბოტი სიაოაისი (Xiaoice), დღესდღეობით, 700 მილიონამდე ადამიანის პირადი მეგობარია (ჯერჯერობით, ძირითადად ჩინეთში). სიაოაისი წარმოადგენს რამდენიმე ინოვაციური ტექნოლოგიის (ხელოვნური ინტელექტი, BigData, ემოციური ინტელექტი) ერთობლივი გამოყენების პროდუქტს და მრავალფეროვან ამოცანებს ასრულებს, მათ შორის, თხზავს ლექსებსაც თავისი მეგობრებისთვის.
ჩატბოტების გამოყენების ყველაზე დიდ სარბიელს, დღევანდელ რეალობაში, მყისიერ შეტყობინებათა სერვისები (IM – Instant Messaging) ანუ მესენჯერები წარმოადგენს. ყველა ცნობილი მესენჯერი (Facebook, Viber, What’s App, Telegram და სხვები) შეიცავს ჩატბოტების ჩასმის და ამუშავების ფუნქციებს.