ბიზნესმოდელირებაში ინოვაციური იდეები სხვადასხვა წყაროდან ჩნდება. აღნიშნულ პროცესში ათვლის წერტილად ბიზნესმოდელის ტილოს ნებისმიერი მოდული შეიძლება გამოდგეს. ინოვაციები მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს და ბიზნესმოდელის ტილოს არაერთ მოდულზე ახდენს გავლენას. ბიზნესმოდელში ინოვაციების ოთხი ეპიცენტრია: რესურსები, შეთავაზება, მომხმარებელი და ფინანსები.

ჩამოთვლილი ეპიცენტრებიდან ნებისმიერი შეიძლება გახდეს ცვლილებების განხორციელების ათვლის წერტილი. თითოეულს ძლიერი გავლენის მოხდენა შეუძლია მოდულზე. ზოგჯერ ინოვაციები რამდენიმე ეპიცენტრიდან იწყება.

რესურსები

როდესაც ეპიცენტრი რესურსებია, ასეთ დროს ინოვაციებს ბიძგს ორგანიზაციის ინფრასტრუქტურა ან პარტნიორები აძლევს. აქ მიზანი ბიზნესმოდელის გაფართოება ან შეცვლაა.

მაგალითი: „ამაზონის“ ინტერნეტსერვისები Amazon.com-ის საცალო ვაჭრობისთვის განკუთვნილ ინფრასტრუქტურაზეა დაფუძნებული და სხვა კომპანიებს სერვერის სიმძლავრესა და მონაცემთა ბაზების ონლაინსაწყობს სთავაზობს.

შეთავაზება

როდესაც ეპიცენტრი შეთავაზებაა, ინოვაციები ახალი ფასეული შეთავაზებების შექმნას უკავშირდება. ფასეული შეთავაზებები ბიზნესმოდელის სხვა მოდულებზეც ახდენს გავლენას.

მაგალითი: ცემენტის მწარმოებელ მექსიკურ კომპანია „სემექსს“ თავისი ბიზნესმოდელის შეცვლამ მოუწია, რადგან მან გადაწყვიტა, რომ მომხმარებლებისთვის ცემენტი სამუშაო ტერიტორიაზე ოთხ საათში მიეტანა. ამ დროს ინდუსტრიაში მიტანის სტანდარტული დრო 48 საათი იყო. ამ ინოვაციამ „სემექსი“ მსოფლიოს ყველაზე დიდ ცემენტის მწარმოებლებს შორის მეორე კომპანიად აქცია.

მომხმარებელი

როდესაც ეპიცენტრი მომხმარებელია, ინოვაციები მომხმარებელთა საჭიროებებსა და მომხმარებლებთან წვდომის გაფართოებაზეა დაფუძნებული. ერთი ეპიცენტრიდან დაწყებული, ყველა ინოვაციის მსგავსად, მათ ბიზნესმოდელის სხვა მოდულებზეც აქვს გავლენა.

მაგალითი: „23andMe - მ“ მომხმარებლებს პერსონალიზებული დნმ-ის ტესტი შესთავაზა, რომელიც წარსულში მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებისა და მკვლევრებისთვის იყო ხელმისაწვდომი. ამან მნიშვნელოვანი გავლენა იქონია როგორც ფასეულ შეთავაზებაზე, ასევე ტესტის პასუხების მიწოდებაზე, რომელსაც „23andMe“ მასობრივი ბაზრის ინტერესებს მორგებული ინტერნეტპროფილების საშუალებით ახორციელებს.

ფინანსები

ინოვაციებს ბიძგს ახალი შემოსავლების წყაროები, ფასწარმოქმნის მექანიზმები ან შემცირებული ხარჯების სტრუქტურა აძლევს. ისინი ბიზნესმოდელის სხვა მოდულებზეც ახდენს გავლენას.

მაგალითი: 1958 წელს, „ქსეროქსმა“ ერთ-ერთი პირველი მარტივი ასლგადამღები მანქანა - Xerox 914 გამოიგონა. იგი ბაზრისთვის ძალზე ძვირი იყო, რის გამოც, „ქსეროქსმა“ ახალი ბიზნესმოდელი შექმნა: აპარატი თვეში 95 დოლარად გააქირავა. სანაცვლოდ, მომხმარებელს შეეძლო, თვეში 2,000 ასლი უფასოდ დაებეჭდა, ხოლო ყოველი დამატებითი ასლისთვის ხუთი ცენტის გადახდა უწევდა. კლიენტები ახალი ტექნიკის გამოყენებით ყოველთვიურად ათასობით ასლს ბეჭდავდნენ.

რამდენიმე ეპიცენტრი