იყო დრო, როცა დროებითი სამუშაო, იგივე სტაჟირება, დაბალი რანგის თანამდებობასთან ასოცირდებოდა, მაგრამ მდგომარეობა შეიცვალა. ნებისმიერ ინდუსტრიაში მოღვაწე ყველა ზომის კომპანია დღეს დროებით ქირაობს თანამშრომლებს ისეთ პოზიციებზე, სადაც მაღალი კვალიფიკაციური მოთხოვნებია. დროებით დასაქმებულ ადამიანთა უმრავლესობას უმაღლესი განათლება აქვს და მათ ყველა პროფესიით შეხვდებით: ბუღალტრებს, იურისტებს, მენეჯერებს, ინჟინრებს, კომპიუტერის პროგრამისტებს, მასწავლებლებს, თერაპევტებს, ექთანებს.
დროებითი სამუშაო, შესაძლოა, რამდენიმედღიანი იყოს ან თვეების განმავლობაში გრძელდებოდეს. სტატისტიკის მიხედვით, დროებით დასაქმებულ ადამიანთა 38% კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ იმავე კომპანიაში მუდმივ პოზიციაზე გადაიყვანეს. წინამდებარე თავი გთავაზობთ დროებითი სამუშაოს, როგორც დასაქმების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზის, მიმოხილვას. დროებით დასაქმებულ ადამიანთა დიდი უმრავლესობა იმიტომ კი არ დათანხმდა ამ პოზიციას, რომ სხვა სამსახური ვერ იშოვა, არამედ იმიტომ, რომ მათ შეგნებულად გადაწყვიტეს დროებით იმუშაონ სხვადასხვა პროექტზე დროის გარკვეულ მონაკვეთში. მათ მოსწონთ მოქნილი გრაფიკი, სამუშაოს მრავალფეროვნება, სხვადასხვა დამსაქმებელთან მუშაობა, ახალი უნარებისა და კონტაქტების ქსელის განვითარების შესაძლებლობა.
თუმცა, დასაქმების ეს ტიპი ყველასთვის შესაფერისი არ არის. თუ ახალ გარემოსთან და ხალხთან შეგუება გიჭირთ, მოკლევადიანი სამუშაო არ გამოგადგებათ; ხოლო თუ ეს გამოწვევა, თქვენი ხასიათიდან გამომდინარე, ადვილად მოსაგვარებელია, მაშინ დროებითი სამუშაო თქვენი ოცნების სამსახურის პოვნის სტრატეგიად შეიძლება იქცეს.
კვალიფიკაციის ამაღლება
დროებითი სამუშაო ისეთ გამოცდილებას მოგცემთ, რომლის შემდეგაც სამუშაო ბაზრისთვის უფრო ძლიერი კანდიდატი გახდებით. ეს ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ თქვენს რეზიუმეში სამუშაო გამოცდილება მხოლოდ ერთი მიმართულებით არის წარმოდგენილი, ანუ მხოლოდ ერთ სფეროში და ერთი ორგანიზაციისთვის მუშაობდით. თუ დიდ კომპანიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ და ახლა მცირე ზომის ორგანიზაციაში აპირებთ სამსახურის პოვნას, დროებითი სამუშაო გამოცდილება პატარა კომპანიებში თქვენი წარმატების შანსს გაზრდის; და პირიქით, თუ მხოლოდ პატარა ორგანიზაციებში გაქვთ ნამუშევარი და ახლა დიდ კომპანიაში აპირებთ გადანაცვლებას, დამსაქმებლებისთვის მნიშვნელოვანი იქნება იმის დანახვა, რომ დიდ ორგანიზაციებში თუნდაც დროებით მუშაობდით.
კონტაქტების ქსელის გაფართოება
დროებითი სამუშაო ან პროექტებზე მუშაობა საუკეთესო გზაა კონტაქტების ქსელის გასაფართოებლად. ყოველი პროექტი, რომელზე მუშაობითაც დროებით დაკავდებით, მოგცემთ საშუალებას გაიცნოთ ხალხი, რომლებსაც სხვაგვარად ვერ შეხვდებოდით. თუ იმ სფეროში გიწევთ პროექტზე მუშაობა, რომელშიც საბოლოოდ მუდმივი სამსახურის პოვნა გსურთ, გეძლევათ შანსი, დააკვირდეთ და ისწავლოთ ამ სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანებისგან. თუ კონტაქტების ქსელის გაფართოება თქვენს მიზანს წარმოადგენს, შეეცადეთ ისეთი დროებითი სამუშაო მოძებნოთ, რომელიც ბევრ კომპანიასთან ურთიერთობის საშუალებას იძლევა. თუ დროებითი სამუშაოს შესრულებისას დროს აღმოაჩენთ, რომ რომელიმე ორგანიზაცია თქვენს სურვილებსა და მოთხოვნებს შეესაბამება, შეეცადეთ, რაც შეიძლება მეტხანს დაჰყოთ ამ კომპანიაში და დროთა განმავლობაში მუდმივი თანამშრომელიც გახდეთ.
სამუშაოს ძებნა მარტივად - მაქს მესმერი