პროგრამული უზრუნველყოფის ინდუსტრიაში კომპანიების ბიზნესმოდელებს ხშირად, ორი რამ ახასიათებს: პირველი, ფიქსირებული ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტი დეველოპერების დიდი ჯგუფის დასაქმებასთან; მეორე, შემოსავლის მოდელი, რომელიც აგებულია სალიცენზიო მოსაკრებელსა და პროგრამული უზრუნველყოფის რეგულარული განახლებების გაყიდვით მიღებულ შემოსავალზე.

აშშ-ში დაფუძნებულმა პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია „რედ ჰეთმა“ (Red Hat) ეს მოდელი თავდაყირა დააყენა. პროგრამული უზრუნველყოფის ნულიდან შექმნის ნაცვლად, იგი მას ღია წყაროზე დაყრდნობით ქმნის. პროგრამული უზრუნველყოფის ღია წყარო ნებაყოფლობით შექმნა ათასობით ინჟინერმა სხვადასხვა ქვეყნიდან. „რედ ჰეთი“ მიხვდა, რომ კომპანიები დაინტერესებული იყვნენ ძლიერი, სალიცენზიო მოსაკრებლისგან თავისუფალი, ღია წყაროზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფით, თუმცა თავს იკავებდნენ მისი შეძენისგან, რადგან არ არსებობდა ორგანიზაცია, რომელიც სამართლებრივად პასუხისმგებელი იქნებოდა მის უზრუნველყოფასა და შენახვაზე. ეს თავისუფალი სივრცე „რედ ჰეთმა“ შეავსო. მან მომხმარებლებს ღია წყაროზე დაფუძნებული სტაბილური, შემოწმებული, უფასო პროგრამული უზრუნველყოფა, კონკრეტულად კი „ლინუქსი“, შესთავაზა.

„რედ ჰეთი“ თითოეული გამოშვების მხარდაჭერას შვიდი წლის განმავლობაში ახდენს. მომხმარებლებისთვის აღნიშნული მიდგომა, ხარჯისა და სტაბილურობის მხრივ, მისაღებია. ამასთანავე, მათ არ აწუხებთ გაურკვევლობის შეგრძნება, რადგან პროდუქტისთვის პასუხისმგებელი ორგანიზაცია არსებობს. `რედ ჰეთი~ კი მოგებული რჩება, რადგან პროგრამული უზრუნველყოფის ძირითად ნაწილს გამუდმებით, უფასოდ აუმჯობესებს ღია წყაროს გაერთიანება, რაც „რედ ჰეთის“ განვითარებისთვის საჭირო ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

ბუნებრივია, რომ „რედ ჰეთმა“ შემოსავალიც უნდა მიიღოს. ამიტომ, ტრადიციული პროგრამული უზრუნველყოფის მოდელისგან განსხვავებით, იგი კლიენტებს ყოველი ახალი დიდი გამოშვების გადასახადს არ ახდევინებს. „რედ ჰეთი“ გამოწერებს ყიდის. წლიური გადასახადის სანაცვლოდ, თითოეულ კლიენტს შეუძლია, უწყვეტი წვდომა მოიპოვოს „რედ ჰეთის“ ბოლო გამოშვებაზე, მიიღოს ულიმიტო მხარდაჭერა და ჩამოაყალიბოს დაცული ურთიერთკავშირი პროდუქტის კანონიერ მფლობელთან. მიუხედავად იმისა, რომ „ლინუქსის“ ბევრი ვერსია და ღია წყაროზე დაფუძნებული სხვა პროგრამული უზრუნველყოფა უფასოდ არის ხელმისაწვდომი, კომპანიები მზად არიან, ზემოთ ჩამოთვლილი უპირატესობების სანაცვლოდ გადასახადი გადაიხადონ.

https://s3-us-west-2.amazonaws.com/secure.notion-static.com/2dd8205e-e2a7-4b2b-bed1-f4cb47e97f84/Annotation_2020-09-02_143110.png

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ავტორი: ალექსანდრ ოსტერვალდელი და ივ პენიე