მომიყევით ცოტა რამ საკუთარ თავზე
ეს შეკითხვა გასაუბრებაზე ხშირად პირველი ისმება, ვინაიდან ინტერვიუერიფიქრობს, რომ ეს გასაუბრების დაწყების ოპტიმალური გზაა. პასუხის გაცემამდე სასურველია, გამსაუბრებელს სთხოვოთ, უფრო ზუსტად გითხრათ თქვენი პიროვნ ების რა ასპექტის შესახებ სურს საუბარი. პასუხის გაცემის დროს ჯერ თქვენს კარიერასა და ცხოვრებაში ამჟამად მიმდინარე მოვლენებს შეეხეთ და შემდეგ გადადით წარსულ გამოცდილებებზე. შეეცადეთ, თავი აარიდოთ თქვენი ცხოვრების ისეთი დეტალების მიმოხილვას, რასაც სამსახურთან არავითარი კავშირი არ აქვს. ნუ დაიწყებთ პასუხს შემდეგი სიტყვებით: „დავიბადე ამა და ამ წლის ზამთარში“.
რატომ წამოხვედით წინა სამსახურიდან?
ეს შეკითხვა უფრო სახიფათოდ ჟღერს, ვიდრე სინამდვილეში არის, ამიტომ თავის მართლებას ნუ დაიწყებთ. სამსახურიდან თუ თქვენი სურვილით არ წამოსულხართ, არ ნიშნავს იმას, რომ სუსტი კანდიდატი ხართ. დღევანდელ ცვალებად გარემოში სამსახურის დაკარგვა ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა შეეცადეთ, გამსაუბრებელს საფუძვლიანად აუხსნათ, თუ რატომ დარჩით უმუშევარი. ნუ დაიწყებთ თავის მართლებას და ყოფილი უფროსის ლანძღვას, თუ როგორ „ვერ დააფასა“ თქვენი სიკეთე (ყოფილი უფროსის ცუდად მოხსენიება ინტერვიუერის თვალში თქვენს კანდიდატურას დააკნინებს).
რა იცით ჩვენი კომპანიის შესახებ?
კარგი იქნება, თუ ამ შეკითხვაზე უპასუხებთ: "საკმაოდ ბევრი". ინტერვიუერი იმას კი არ იფიქრებს, რომ კომპანიის შესახებ ინფორმაციის მოძიებაზე დროის დაკარგვა იმის ნიშანია, თითქოს სასოწარკვეთილი ეძებთ სამსახურს, არამედ პირიქით, თქვენს პასუხში მოტივაციას დაინახავს. პასუხის გაცემისას მხოლოდ ფაქტებზე არ ისაუბროთ, შეეცადეთ, კომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე დაყრდნობით ანალიტიკური ხედვა გამოავლინოთ. პასუხის გაცემა გაგიჭირდებათ, თუ კომპანიის შესახებ ცოტა ან არაფერი იცით.
მიამბეთ თქვენი წინა სამსახურის შესახებ
თქვენი წინა სამსახურის შესახებ ენთუზიაზმით ისაუბრეთ. ინტერვიუერი თქვენს პასუხში ორ რამეს ეძებს: პირველი – არის კავშირი თქვენ წინა და ამჟამად დასაკავებელ პოზიციას შორის, და მეორე – თქვენი მოტივაცია. დაანახეთ გამსაუბრებელს, რომ თქვენს წინა სამუშაოს და არსებული ვაკანსიის დასაკავებლად საჭირო უნარები მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. თქვენი პასუხი წინა სამსახურის შესახებ უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:
შეეცადეთ, თავი აარიდოთ ზოგად და არა რელევანტურ პასუხს; ნუ იტყვით მხოლოდ იმას, რომ ძალიან მოგწონდათ თქვენი სამსახური, თანამშრომლები მეგობრულად იყვნენ განწყობილნი და კარგად ერთობოდით მივლინებებში.
რას მიიჩნევთ თქვენს ძლიერ მხარედ?
ბევრი კანდიდატი შეცდომას უშვებს და პასუხში ახსენებს ისეთ უნარებს, რომლებსაც ვაკანსიასთან არავითარი კავშირი არ აქვს. თუ იცით, რომ კომპანია ამჟამად დაძაბული გრაფიკით მუშაობს, თავდაპირველად თქვენს ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობის უნარს შეეხეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადადით იმაზე, რომ ორგანიზაციული ნიჭი გაქვთ. ნუ იფიქრებთ, რომ ბევრი უნარის დასახელებას ტრაბახად ჩაგითვლიან. უთხარით გამსაუბრებელს ყველა თქვენი ძლიერი მხარის შესახებ, ეს მხოლოდ დადებითად იმოქმედებს მასზე.
რას მიიჩნევთ თქვენს სისუსტედ?
ამ შეკითხვას გულახდილად უნდა უპასუხოთ, თუმც, ნუ გამოამჟღავნებთ ყველა სისუსტეს, განსაკუთრებით, თუ ეს სამუშაოს შესრულებაზე აისახება (თუმცა, დაფიქრდით, თუ კონკრეტული სამუშაოს შესრულების უნარი არ გაქვთ, იქნებ ჯობდეს, სხვა ვაკანსია მოძებნოთ?) თუ იტყვით, რომ სისუსტე არ გაქვთ, ეს გამსაუბრებელს თქვენს გულახდილობაში ეჭვს შეატანინებს.
სად ხედავთ საკუთარ თავს ხუთი წლის შემდეგ?