რეკლამების განთავსებით მიიღება შემოსავალი, რომელიც კომპანიას უფასო შეთავაზებების გაკეთების საშუალებას აძლევს. რეკლამები ტელევიზიაში, რადიოსა და ინტერნეტში გვხვდება. ყველაზე დახვეწილი ფორმის რეკლამებს კი „გუგლში“ ვხვდებით, რადგან ისინი სამიზნე აუდიტორიების ინტერესებს არის მორგებული. რეკლამების განთავსებაზე დაფუძნებული უფასო შეთავაზება მრავალმხრივი პლატფორმის ნიმუშის კონკრეტული ფორმაა. პლატფორმის ერთი მხარე მომხმარებლებს უფასო კონტენტით, პროდუქტებით ან სერვისებით მიიზიდავს, ხოლო მეორე მხარე რეკლამების განმთავსებლებს სარეკლამო სივრცეს სთავაზობს და ამით შემოსავალს იღებს.
ამ ნიმუშის თვალსაჩინო მაგალითია „მეტრო“ - უფასო გაზეთი, რომელიც სტოკჰოლმში დაფუძნდა და ახლა, მსოფლიოს მასშტაბით, ათეულობით ქალაქშია ხელმისაწვდომი. „მეტროს“ უნიკალურობა იმაშია, თუ როგორ შეცვალა მან ყოველდღიური გაზეთის ტრადიციული მოდელი. პირველ რიგში, გაზეთი უფასოდ შესთავაზა მომხმარებლებს. მეორე, მგზავრების სიმრავლით გამორჩეულ ადგილებსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელებში გაზეთები ხელით დაარიგა და თვითმომსახურების თაროებზეც განათავსა. ამისთვის „მეტროს“ საკუთარი სადისტრიბუციო ქსელის ჩამოყალიბება მოუხდა, თუმცა, კომპანიამ მალევე მიაღწია დიდ ტირაჟს. მესამე, მან შეამცირა სარედაქციო ხარჯები, რათა გამოეცა გაზეთი, რომელსაც ფეხით მოსიარულე ახალგაზრდები სამსახურში წასვლის ან სამსახურიდან დაბრუნების დროს წაიკითხავდნენ. კონკურენტებმა მალევე დაიწყეს მსგავსი ბიზნესმოდელის დანერგვა, მაგრამ „მეტრომ“ ჭკვიანურად იმოქმედა და კონკურენტული უპირატესობა შეინარჩუნა. მაგალითად, იგი მატარებლისა და ავტობუსის სადგურებზე განთავსებულ თაროებს ფლობბდა, ხოლო კონკურენტებს ხელსაყრელ ადგილებში გაზეთების ხელით გავრცელება უწევდათ, რაც ხარჯებთან იყო დაკავშირებული.
როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ავტორი: ალექსანდრ ოსტერვალდელი და ივ პენიე