შეძლებული ადამიანებისთვის განკუთვნილი შვეიცარიული კერძო საბანკო მომსახურება, დიდი ხნის განმავლობაში, მიძინებულ, კონსერვატორულ ინდუსტრიად ითვლებოდა. თუმცა, ბოლო ათწლეულში იგი საგრძნობლად შეიცვალა. ტრადიციულად, ვერტიკალურად ინტეგრირებული კერძო ბანკები მრავალფეროვან საქმიანობას ეწეოდნენ – ქონების მართვით დაწყებული, საბროკერო მომსახურებითა და ფინანსური პროდუქტის შექმნით დამთავრებული. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. გარე რესურსების მოზიდვა დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ამასთანავე, კერძო ბანკები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ საიდუმლოებისა და კონფიდენციალურობის დაცვას. აქედან გამომდინარე, მათ ყველა საქმიანობის შიდა რესურსებით განხორციელება ერჩივნათ.

მაგრამ გარემოს ცვლილებასთან ერთად, შვეიცარიულ ბანკებთან დაკავშირებული მითებიც წარსულს ჩაჰბარდა. საბანკო სექტორში ღირებულებათა ჯაჭვის ცვლილება საანგარიშსწორებო ბანკებისა და ფინანსური პროდუქტების ბუტიკების გაჩენას მოჰყვა. პირველი მხოლოდ საბანკო ტრანზაქციების განხორციელებას მისდევს, ხოლო მეორე – ფინანსური პროდუქტების შექმნას. ერთ-ერთი კერძო ბანკი, რომელმაც თავისი ბიზნესმოდელი დაანაწევრა, ციურიხში დაფუძნებული კომპანია "მაერკი ბაუმანია". კომპანიამ ტრანზაქციებისთვის განკუთვნილი პლატფორმის მართვასთან დაკავშირებული საქმიანობა ცალკეულ ბიზნესად და დაწესებულებად – "ინკორ ბანკად" (გარდაქმნა. ეს უკანასკნელი სხვა ბანკებს და ფასიანი ქაღალდებით მოვაჭრეებს სთავაზობს საბანკო სერვისებს. ამჟამად, "მაერკი ბაუმანი" მხოლოდ მომხმარებლებთან ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და საკონსულტაციო სერვისების მიწოდებაზეა ორიენტირებული.

წინასგან განსხვავებით, ჟენევაში მოქმედმა, შვეიცარიის ყველაზე დიდმა ბანკმა, "პიკტეტმა" თავისი ბიზნესმოდელი არ დაანაწევრა. "პიკტეტი" 200-წლიანი დაწესებულებაა, რომელიც მომხმარებლებთან ურთიერთობების ჩამოყალიბებას, კლიენტების ტრანზაქციების მართვასა და ფინანსური პროდუქტების შექმნას მისდევს. მიუხედავად იმისა, რომ ბანკი აღნიშნული მოდელით წარმატებულად მუშაობს, ის ფრთხილად უნდა მოეკიდოს კომპრომისებს, რომლებსაც ძირეულად განსხვავებული სამი საქმიანობის განხორციელება მოითხოვს.

https://s3-us-west-2.amazonaws.com/secure.notion-static.com/5c8a8b44-b0a4-4c64-8422-ed218a86b8b8/Annotation_2020-09-02_122401.png

კომპრომისები

1 ბანკი ორიენტირებულია განსხვავებული დინამიკის მქონე ორ ბაზარზე. ერთი მხრივ, იგი შეძლებულ კლიენტებს საკონსულტაციო მომსახურებას უწევს, რაც ურთიერთობების მართვაზე აგებული გრძელვადიანი ბიზნესია, მეორე მხრივ, ფინანსურ პროდუქტებს სთავაზობს სხვა ბანკებს, რაც დინამიკური, სწრაფად ცვალებადი ბიზნესია.

2 შემოსავლის გაზრდის მიზნით, ბანკი კონკურენტებს თავის პროდუქტებს სთავაზობს, რაც ინტერესთა კონფლიქტს იწვევს.

3 ბანკის პროდუქტების განყოფილება მოუწოდებს კონსულტანტებს, კლიენტებს კომპანიის პროდუქტები შესთავაზონ. არადა, ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება კლიენტის ინტერესს, რადგან მას მიუკერძოებელი რჩევის მიღება და ინვესტიციების საუკეთესო პროდუქტებში განხორციელება სურს.

4 ტრანზაქციების პლატფორმის მართვა არის საქმიანობა, რომელიც ორიენტირებულია ფასსა და ეფექტიანობაზე. შესაბამისად, იგი წინააღმდეგობაშია ისეთ საქმიანობებთან, როგორებიცაა საკონსულტაციო მომსახურება და ფინანსური პროდუქტების შექმნა, რადგან ორივე ძვირად ღირებული, ნიჭიერი კადრების მოზიდვას მოითხოვს.

5 ხარჯების შემცირების მიზნით, ტრანზაქციების პლატფორმის მართვის ბიზნესს მასშტაბი ესაჭიროება, რაც ერთ ბანკში რთული მისაღწევია.

6 ინოვაციური პროდუქტის შესაქმნელად საჭიროა სისწრაფე და ბაზარზე ადრეულად შესვლა, რაც თავსებადი არ არის გრძელვადიან საკონსულტაციო ბიზნესთან, რომელიც შეძლებულ ადამიანებს ემსახურება.

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ავტორი: ალექსანდრ ოსტერვალდელი და ივ პენიე