ხარჯების სტრუქტურა ასახავს ყველა ხარჯს, რომელიც დაკავშირებულია ბიზნესმოდელის ფუნქციონირებასთან
ღირებულების შექმნა და მიწოდება, მომხმარებლებთან ურთიერთობის შენარჩუნება და მოგების მიღება - ყველა ეს პროცესი გარკვეულ ხარჯთან არის დაკავშირებული. ასეთი ხარჯები მარტივად დაანგარიშდება მას შემდეგ, რაც განისაზღვრება ძირითადი რესურსები, ძირითადი საქმიანობა და ძირითადი პარტნიორები. თუმცა, ზოგიერთი ბიზნესმოდელი, სხვებთან შედარებით, მეტად არის ორიენტირებული ხარჯების შემცირებაზე. მაგალითად, საბიუჯეტო ავიაკომპანიებმა ბიზნესმოდელები ხარჯების მინიმიზაციის პრინციპზე ააგეს.
ყველაზე მნიშვნელოვან ხარჯებს შორის რომლებია დამახასიათებელი ჩვენი ბიზნესმოდელისთვისს? რომელი ძირითადი რესურსებია ყველაზე ძვირი? რომელი ძირითადი საქმიანობა გვიჯდება ყველაზე ძვირი?
ცხადზე უცხადესია, რომ ყველა ბიზნესმოდელში ხარჯები მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი, მაგრამ ზოგიერთი ბიზნესმოდელისთვის, დაბალი ხარჯების სტრუქტურა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შესაბამისად, სასარგებლო იქნება, თუ ხარჯების სტრუქტურის მიხედვით, ბიზნესმოდელებს ორ კლასად დავყოფთ: ხარჯებზე ორიენტირებულ და ღირებულებაზე ორიენტირებულ ბიზნესმოდელებად (ბიზნესმოდელების უმეტესობა სწორედ ამ ორ უკიდურესობას შორის ხვდება):
ხარჯებზე ორიენტირებული
ხარჯებზე ორიენტირებული ბიზნესმოდელების მქონე კომპანიები ხარჯების მინიმუმამდე დაყვანას ცდილობენ. ეს მიდგომა მიზნად ისახავს, შეძლებისდაგვარად შეკვეცილი ხარჯების სტრუქტურის შექმნას და შენარჩუნებას იაფი ან იფფასიანი შეთავაზებით, მაქსიმალური ავტომატიზაციით და გარე რესურსების ინტენსიურად მოზიდვით. საბიუჯეტო ავიაკომპანიები, როგორებიცაა „საუთვესტი“, „იზიჯეთი“ და „რეინეარი“ - ხარჯებზე ორიენტირებული ბიზნესმოდელების მაგალითებია.
ღირებულებაზე ორიენტირებული
ბიზნესმოდელის შექმნისას ზოგიერთ კომპანიას ნაკლებად აღელვებს კონკრეტული ხარჯების სტრუქტურა. ამის ნაცვლად, ისინი ორიენტირებულნი არიან ღირებულების შექმნაზე. ღირებულებაზე ორიენტირებული ბიზნესმოდელები დამახასიათებელია უმაღლესი კლასის ფასეული შეთავაზებებისა და მაღალი დონის პერსონალიზებული სერვისისთვის. ამ კატეგორიაში ხვდება მდიდრული სასტუმროები, თავიანთი დიდებული შენობებითა და ექსკლუზიური სერვისებით.
ხარჯის სტრუქტურას შესაძლებელია, ჰქონდეს შემდეგი მახასიათებლები:
ფიქსირებული ხარჯები
ხარჯები, რომლებიც უცვლელი რჩება, საქონლისა და სერვისების წარმოების მოცულობის გაზრდის მიუხედავად, მაგალითად: ხელფასები, იჯარა და საწარმოო მოწყობილობები. ზოგიერთ ბიზნესს, როგორიცაა სამრეწველო კომპანიები, ხარჯების სტრუქტურაში ფიქსირებული ხარჯების მაღალი წილი ახასიათებთ.
ცვალებადი ხარჯები
ხარჯები, რომლებიც საქონლისა და სერვისების წარმოების მოცულობის პროპორციულად იცვლება. ზოგიერთ ბიზნესს, როგორიცაა მუსიკის ფესტივალები, ცვალებადი ხარჯების მაღალი წილი ახასიათებს.
მასშტაბის ეკონომია
წარმოების გაფართოებისას ბიზნესის ხარჯები მცირდება. მაგალითად, დიდი კომპანიები, დიდი შენაძენის გაკეთებისას, ერთეულის შემცირებულ ფასს იხდიან. ეს და სხვა ფაქტორები, წარმოების გაზრდის პარალელურად, პროდუქციის ერთეულზე საშუალო ხარჯის შემცირებას იწვევს.
დივერსიფიკაციის ეფექტი
ზოგიერთი ბიზნესი საოპერაციო საქმიანობის ფართო სპექტრის წყალობით აღწევს უპირატესობას. მაგალითად, მსხვილი კომპანია ერთი და იმავე მარკეტინგული საქმიანობით ან გაყიდვების არხით ერთდროულად რამდენიმე პროდუქტს ყიდის.