ზოგიერთი ბიზნესი `ფულისგან ფულის გაკეთებას~ ირჩევს. ეს ნიშნავს, რომ ისინი ნაღდი ფულის აქტივებს არა მხოლოდ საკუთარი პროდუქტების განვითარების ხელშეწყობისთვის იყენებენ, არამედ ფინანსური ბაზრებიდანაც აკეთებენ ფულს. ზოგიერთ კომპანიას სჯერა, რომ ბაზარზე ვალუტის ცვლილებაზე ჰეჯირებით (საკუთარი თავის შესაძლებელი დანაკარგებისგან დაზღვევით), მაგალითად, მათ შეუძლიათ მოგების ახალი წყაროსკენ მიმავალ გზაზე ჰქონდეთ წვდომა. ორი ტერმინი, რომელიც ფულისგან ფულის გაკეთების იდეას ხსნის, არის „ჩრდილოვანი ბანკი“ და „ხაზინის ფუნქცია“.

ჰეჯირება

„ხაზინის ფუნქცია“ გასული საუკუნის 70-იანი წლების ეკონომიკური გამოწვევების ფონზე აღმოცენებული ტერმინია, როგორიცაა, მაგალითად, გაოთხმაგებული ფასები ნავთობზე და სტაგფლაცია (როდესაც ინფლაცია და უმუშევრობის დონე ერთნაირად მაღალია). გაჩნდა იდეა, რომ კომპანიის ხაზინის ფუნქცია (დეპარტამენტი, რომელიც კომპანიის ფინანსების განკარგვაზეა პასუხისმგებელი) ლიკვიდურობასა და ბიზნესის ფულადი საშუალებებიდან შემოსავალს შორის ოპტიმალური ბალანსის დაცვა უნდა ყოფილიყო.

ათწლეულების განმავლობაში 2007-08 წლების ფინანსური კრიზისისკენ მიმავალი დიდი კომპანიები ხაზინის ფუნქციებს სტაბილურად უმატებდნენ უფრო დიდ პასუხისმგებლობებს. ხშირად ეს ყველაფერი რისკების შემცირებისთვის დასახული გზებით იწყებოდა, მაგრამ მომგებიანი ვაჭრობის შესაძლებლობები ძალიან მაცდური გახდა - იმ დონემდე, რომ ზოგიერთმა ბიზნესმა მათი თითქმის მთლიანი ექსპორტით მიღებული შემოსავლის კონტრაქტები ფინანსურ ჰეჯირებაზე გაიტანა. მაგალითად, 2008 წელს ბრაზილიურმა ცელულოზ-ქაღალდის კომბინატმა Aracruz-მა ნაღდი ფულის აქტივები ვალუტის ფიუჩერსებზე (მომავალში ფულის ღირებულება) სანაძლეოს დასადებად გამოიყენა. უფრო კონკრეტულად, ფსონი დადო იმაზე, რომ ბრაზილიური ვალუტა გამყარებას განაგრძობდა, მაგრამ რეალურად მან სწრაფად დაკარგა ღირებულება და კომპანიამ 2.5 მილიარდი დოლარით იზარალა. შედეგად, ზოგიერთი კომპანია დღეს უარს ამბობს ფულისგან ფულის გაკეთებაზე. სამთო-სამრეწველო მულტინაციონალურმა კომპანია Rio Tinto-მ, მაგალითად, 2013 წლის ყოველწლიურ ანგარიშში განაცხადა, რომ მისი ხაზინა განკუთვნილია „Rio Tinto ჯგუფის ბიზნესების მომსახურებისთვის და მოგების ცენტრის ფუნქცია არა აქვს“.

ჩრდილოვანი ბანკები

თუმცაღა სხვა კომპანიებმა ხაზინის ფუნქციები იმდენად გააფართოეს, რომ იგი ბიზნესის უმსხვილეს და ძირითადი მოგების ცენტრად იქცა. ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა ამერიკული კონგლომერატი General Electric-ი, ეს ფუნქცია ეფექტიან „ჩრდილოვან ბანკად“ აქციეს. 2007 წელს General Electric-ის ხაზინადარ GE ჩაპიტალ-ს 550 მილიარდი დოლარის აქტივები ეკავა, რაც Gენერალ Eლეცტრიც-ის მოგების 55%-ის წყაროდ იქცა. ძირითადად, ფულის მცირე ხნით სესხებითა და მომხმარებლებზე გრძელვადიანი პერიოდით გასესხების საშუალებით (მცირე პერიოდით სესხება და დიდი ხნით გასესხება) General Electric-მა, როგორც „ჩრდილოვანი ბანკის“ სისტემის წევრმა, საბანკო სისტემის მარეგულირებელი ვალდებულებების ტვირთის ტარების გარეშე მოახერხა განვითარება. თუმცა 2008 წლისთვის იძულებული შეიქნა, აშშ-ის მთავრობის საბანკო სექტორის დახმარების პროგრამაში მონაწილეობა ეთხოვა.

ფულისგან ფულის კეთებას სერიოზული რისკები ახლავს თან, მიუხედავად იმისა, ფსონი გაამართლებს თუ არა. ეს იმიტომ, რომ რაც უფრო მეტ მოგებას იღებს ხაზინა, მით ნაკლები სურვილი უჩნდება დირექტორთა საბჭოს კომპანიის მომავალი განვითარებისთვის საჭირო კვლევასა თუ განვითარებაში ფული ჩადოს. ამგვარად, ბიზნესის მოკლევადიანობა მყარად არის დაკავშირებული ფულისგან ფულის კეთებასთან.

აქცენტი ხაზინაზე

2007-08 წლებამდე, ათწლეულების განმავლობაში, ბევრმა კომპანიამ დაიწყო გრძელვადიანი კაპიტალდაბანდებებისთვის მოკლევადიანი დაფინანსების გამოყენება. თუმცა 2007-08 წლების ფინანსურმა კრიზისმა ვითარება რადიკალურად შეცვალა, ბევრი ბანკი განადგურდა ან უფსკრულთან ძალიან ახლოს აღმოჩნდა. აღმასრულებელმა დირექტორებმა მოითხოვეს იმის ახსნა, თუ სად იყო კომპანიის ნაღდი ფული შენახული და დროის კონკრეტულ მონაკვეთში რა ფინანსური პოზიცია ეკავა ფირმას. ყველა ხაზინას არ შეეძლო პასუხის გაცემა, ვინაიდან ზოგი ინვესტიცია ადგილობრივ, ნაკლებად გამჭვირვალე სისტემებში იყო ჩადებული.

შედეგად, ხაზინის ფუნქცია ბიზნესის უმრავლესობისთვის პრიორიტეტად იქცა და გამჭვირვალობის თუ ანგარიშის დროულად წარდგენის ვალდებულების მზარდმა საჭიროებამ წამოიწია წინ. დირექტორთა საბჭო ელოდება, რომ ხაზინა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის მზად უნდა იყოს - მაგალითად, ფულადი რეზერვების გაზრდითა და ლიკვიდურობის რისკის შემცირების მეშვეობით. თუმცა ეს ხაზინის ფუნქციის ახალ პრობლემას წამოჭრის: თუ ხაზინამ უფრო მეტი ნაღდი ფული უნდა შეინახოს, როგორ გამოიყენებენ ეფექტიანად ჭარბ ლიკვიდურობას კომპანიის ზრდის დაფინანსებისთვის?

დიდი წიგნი ბიზნესზე