ხარჯთაღრიცხვის მიზანი პირდაპირი ხარჯებისთვის (როგორიცაა, მაგალითად, ნედლეული) დაახლოებით გამოანგარიშებული ზედნადები ხარჯებისა და ფიქსირებული ხარჯების (როგორიცაა კომუნალური გადასახადები) ჯამის დამატებით დათვლით კომპანიის წარმოების ღირებულების განსაზღვრაა. ბრიტანული კრენფილდის მართვის სკოლის პროფესორის, დეივიდ მიდლტონის მიხედვით, ამ მეთოდის თანდაყოლილი უზუსტობა ხშირად იმას ნიშნავს, რომ კომპანიებმა საკუთარი ხარჯების შესახებ იმაზე მწირი წარმოდგენა აქვთ, ვიდრე უნდა ჰქონდეთ. პირდაპირი ხარჯები, შესაძლოა, მკაფიოდ აღიქმებოდეს, მაგრამ ზედნადები ხარჯები, რომლებიც კონკრეტულ პროდუქტებს უნდა მიეწეროს, ბევრად ბუნდოვანია. ამის კომერციული შედეგი შეიძლება მარკეტინგული ხარჯების არცთუ მომგებიან პროდუქტზე მიწერა იყოს. გრძელვადიან პერიოდში ბიზნესს, რომელიც მსგავს არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, კონკურენტებთან დაწევა გაუჭირდება.
აქტივობაზე დაფუძნებული ხარჯთაღრიცხვა
იდეალურ შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვის სისტემა ტრანზაქციის ყველა ასპექტსა და კონკრეტულ პროდუქტთან ან მომსახურებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ასახავს. ამისი მიღწევის ყველაზე ეფექტიანი გზა აქტივობებზე დაფუძნებული ხარჯთაღრიცხვაა. მაშინ, როდესაც ტრადიციული ხარჯთაღრიცხვის სისტემები ზედნადები ხარჯების მიახლოებით შეფასებას სჯერდება (ალბათ, იმ ვარაუდის საფუძველზე, რომ ფაბრიკაში წარმოებულმა თითოეულმა ერთეულმა საერთო ზედნადები ხარჯი უნდა გაინაწილოს), აქტივობაზე დაფუძნებული ხარჯთაღრიცხვა უფრო ზუსტია: იგი ზედნადებ ხარჯებს იმის გასაგებად შლის, თუ რომელი აქტივობა კონკრეტულად რომელ ხარჯს წარმოქმნის. ეს კომპანიას საშუალებას აძლევს, დაინახოს, რომ, მაგალითად, შოკოლადის პროდუქტის წარმოება დაახლოებით 65 გირვანქა კი არა, ზუსტად 59 გირვანქა ჯდება.
მსგავსი სიზუსტე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაშინ არის, როცა საქმე ისეთ არასტანდარტულ პროდუქტებს ეხება, როგორიცაა, მაგალითად, 2016 წლის ბრაზილიის ოლიმპიადისთვის სპეციალური საქონლის შეკვეთის დასრულება. აქტივობაზე დაფუძნებულმა ხარჯთაღრიცხვამ, შესაძლოა, აჩვენოს, რომ სპეციალურ შეკვეთასთან დაკავშირებული ხარჯები სტანდარტული პროდუქტებიხ ხარჯზე ბევრად მეტია. ეს ბიზნესს ოლიმპიურ ნივთებზე სწორი ფასის დაწესებაში დაეხმარება.
აქტივობაზე დაფუძნებული ხარჯთაღრიცხვის ეფექტიანად წარმოებისთვის კომპანიას პირველ რიგში ყველა პირდაპირი თუ არაპირდაპირი აქტივობისა და რესურსის, შემდეგ, ყველა არაპირდაპირი აქტივობისთვის შესაბამისი ხარჯის და ბოლოს, თითოეული აქტივობისთვის „ხარჯის წარმომქმნელი ძირითადი ფაქტორების (დრაივერების)“ განსაზღვრა სჭირდება. ხარჯის წარმომქმნელია ფაქტორი, რომელიც ხარჯს წარმოქმნის ან მასზე გავლენას ახდენს. მაგალითად, ბანკის მოლარე ბევრ ფუნქციას ასრულებს – იმისთვის, რომ ბანკმა თითოეული აქტივობის, როგორიცაა, მაგალითად, შემომავალი ქვითრების გადამუშავება, დრაივერი განსაზღვროს, იმას უნდა მიაქციოს ყურადღება, თუ რა დროს ხარჯავს მოლარე კონკრეტულად ამ აქტივობაზე. ამ სამი სახის გამოთვლიდან გამომდინარე, კომპანიას პროდუქტის ან მომსახურების წარმოებასთან დაკავშირებული მთლიანი პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯების დათვლა შეეძლება. ამ ხარჯების წარმოებულ რაოდენობაზე გაყოფით ერთეულის ზუსტი ხარჯის დადგენა მოხერხდება. შედეგად, კომპანია ნულოვანი მოგების ზუსტ წერტილს დაადგენს და იმ პროდუქტებს განსაზღვრავს, რომელთაც მოგების საკმარისი მარჟა აქვთ, რათა მათთვის ზურგის გამაგრება ღირდეს (შესაძლებელია, სარეკლამო მხარდაჭერით) და ეს ყველაფერი ორგანიზაციას ჯანსაღი საინვესტიციო გადაწყვეტილებებისთვის სწორი შედარებების გაკეთების საშუალებას მისცემს.
დიდი წიგნი ბიზნესზე