ყოფილი აკორდეონისტი, აკრობატი და ცეცხლისმყლაპავი გი ლალიბერტე დღეს კანადის ერთ-ერთი უმსხვილესი კულტურის ექსპორტიორი კომპანიის, Cirque du Solei-ის, გენერალური დირექტორია. Cirque du Solei-მა მსოფლიოს სამასზე მეტ ქალაქში, 150 მილიონამდე მაყურებლის წინაშე გამართა წარმოდგენები და ოცი წლის განმავლობაში ისეთი შემოსავალი მიიღო, რომლის მისაღწევადაც მსოფლიოს ერთ დროს წამყვან ცირკებს - Ringling Bros--სა და Barnum & Bailey-ს საუკუნეზე მეტი დასჭირდათ.
საყურადღებოა ისიც, რომ ასეთი სწრაფი ზრდა მოხდა აყვავების კი არა, დაცემის ხანაში მყოფ ინდუსტრიაში, სადაც სტრატეგიული ანალიზი ზრდის შეზღუდულ შესაძლებლობებს წინასწარმეტყველებდა. დიდი ძალა ჰქონდათ იმავე პროდუქტის „ვარსკვლავ“ მიმწოდებლებს. დიდი იყო მომხმარებელთა ძალაუფლებაც. დარგს სულ უფრო და უფრო ჩრდილავდა გართობის ისეთი ალტერნატიული საშუალებები, როგორიცაა სხვადასხვაგვარი ქალაქური შოუები, სპორტული ღონისძიებები თუ საშინაო გასართობები. ბავშვები მშობლებს ცირკის ბილეთების კი არა, ვიდეოთამაშების ყიდვას ეხვეწებოდნენ. ნაწილობრივ ამის შედეგი იყო ის, რომ დარგი დღითი დღე კარგავდა მაყურებელს და, შესაბამისად, შემოსავალსა და მოგებასაც. გარდა ამისა, ცხოველთა უფლებების დამცველი ჯგუფები სულ უფრო აქტიურად გამოდიოდნენ საცირკო წარმოდგენებში მხეცების მონაწილეობის წინააღმდეგ. Ringling Bros-ი და Barnum & Bailey აკანონებდნენ, უფრო მცირე ცირკები კი მათ ჰბაძავდნენ და ამ სტანდარტების შესაბამის, უფრო დაბალი დონის საკუთარ ვერსიებს ქმნიდნენ. ერთი სიტყვით, კონკურენციაზე დაფუძნებული სტრატეგიის თვალსაზრისით, საცირკო ინდუსტრია ერთობ არამიმზიდველად გამოიყურებოდა.
Cirque du Solei-ის წარმატების კიდევ ერთი გასაოცარი ასპექტი იყო, რომ ამ კომპანიას ოდითგანვე ბავშვებზე ორიენტირებული, მომაკვდავი საცირკო ინდუსტრიის კლიენტთა გადაბირების ხარჯზე არ გაუმარჯვია. Cirque du Soleil -ს Ringling Bros-სთან და Barnum & Bailey-სთან მეტოქეობა არ დაუწყია. ამის ნაცვლად კომპანიამ ბაზრის სრულიად ახალი, კონკურენციისგან თავისუფალი სივრცე დაიკავა და ყურადღება მომხმარებელთა სულ სხვა ჯგუფისკენ მიმართა: ზრდასრული მაყურებლებისა და კორპორაციული კლიენტებისკენ, რომლებიც მზად იყვნენ, ჩვეულებრივი ცირკის ბილეთის საფასურზე ბევრად მეტი გადაეხადათ, ოღონდაც განსხვავებული, ანალოგის არმქონე წარმოდგენა ენახათ. ნიშანდობლივია, რომ Cirque-ის ერთ-ერთ პირველ პროექტს ერქვა - „ხელახლა ვქმნით ცირკს“.
ლურჯი ოკეანის სტრატეგია - ჩან კიმი; რენე მობორნი