მენეჯერულ აღრიცხვაში ორ ფაქტორს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა: ნაღდ ფულსა და ხარჯებს. მმართველობითი ფუნქციებით დატვირთული ბუღალტერი (მთავარი ბუღალტერი/ანალიტიკოსი) იმისთვის მუშაობს, რომ მმართველებს სწორი მონაცემები მიაწოდოს, რათა შემდგომ მათ დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღება შეძლონ, იქნება ეს ფასწარმოქმნასთან, წარმოების საზღვარგარეთ გატანასა და მარკეტინგული აქტივობებით ამა თუ იმ პროდუქტის მხარდაჭერასთან დაკავშირებული. სამეურნეო საქმიანობაზე დაფუძნებული თვითღირებულების კალკულაცია, რომელიც ყველაზე სრულყოფილ ინფორმაციას იძლევა ერთეულის თვითღირებულებაზე, ამისთვის საუკეთესო გზაა. თუმცა, თუ ვაჭრობა ცუდად მიდის, მმართველობითი ფუნქციებით დატვირთული ბუღალტერი ხარჯების ნაცვლად ნაღდი ფულის გადინებას უფრო აქცევს ყურადღებას, მიჰყვება რა პრინციპს „ნაღდი ფული მეფეა“. ეს იმიტომ ხდება, რომ რაც უფრო ცუდია სავაჭრო პირობები, მით უფრო მეტად ცდილობენ კომპანიები ნაღდი ფულის შენარჩუნებას, რასაც მივყავართ იქამდე, რომ თუ მსგავსი ორგანიზაციები თქვენი მომხმარებლები არიან, ძნელად თუ მიიღებთ ანაზღაურებას. ნაღდი ფულის მიმოქცევა ნელდება, ამიტომ ფულადი საშუალებების მოძრაობისთვის თავიდანვე ყურადღების მიქცევა ლოგიკურია: დაიწყე ფულის შენახვა მანამდე, სანამ სხვები დანაზოგის შექმნას ცდილობენ.
ბუღალტრებისთვის წესების მიხედვით თამაში დიდი ხანია ტრადიციად იქცა. პატიოსნება და აღრიცხვის პრინციპების დაცვა, როგორიცაა წინდახედულობა და თანამიმდევრულობა, ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნეოდა. ბოლო დროს იმ ბუღალტრებისთვის, რომლებიც მზად არიან, იყონ უფრო შემოქმედებითები, სამსახურის ბევრი ვარიანტი გამოჩნდა. აზროვნების ეს მანერა მოდის ცნებიდან „გააკეთე ფული ფულისგან“, კომპანიის ფულადი ანაბრის სხვა კომპანიისთვის მაღალი პროცენტით გასესხების მეშვეობით, ან საპროცენტო განაკვეთებით, ან სასაქონლო ბირჟაზე მომავალი ტრენდების გამოცნობით. სამყაროში, სადაც ფულისგან უფრო სწრაფად და უფრო მეტი ფულის შოვნა შეიძლება, წესებით თამაში, შესაძლოა, მცდარი არჩევანი იყოს.
დიდი წიგნი ბიზნესზე