ფართო გაგებით, კომპანიები მეტოქეობენ არა მხოლოდ იმავე დარგის კომპანიებთან, არამედ სხვა ისეთ დარგებში მომუშავე კომპანიებთანაც, რომლებიც ალტერნატიულ პროდუქტებს ან სერვისებს აწარმოებენ. ალტერნატივა ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე შემცვლელი. განსხვავებული ფორმის მქონე, მაგრამ ერთი და იმავე ფუნქციის შემსრულებელი (ან ერთი და იმავე შედეგის მომცემი) პროდუქტები ან სერვისები, როგორც წესი, ერთიმეორის შემცვლელებად ითვლება. ერთიმეორის ალტერნატიულად კი ითვლება პროდუქტები ან სერვისები, რომლებსაც განსხვავებული ფორმები და ფუნქცია აქვთ, მაგრამ ერთი და იმავე მიზნით გამოიყენება.

მაგალითად, ფინანსების მოსაწესრიგებლად თქვენ შეგიძლიათ, იყიდოთ და დააინსტალიროთ საფინანსო პროგრამების პაკეტი, დაიქირაოთ სერტიფიცირებული ბუღალტერი, ან უბრალოდ ფანქარი და ფურცელი გამოიყენოთ. პროგრამები, ბუღალტერი და ფანქარი ერთმანეთის შემცვლელები არიან. ისინი ძლიერ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ ერთსა და იმავე ფუნქციას ასრულებენ - ეხმარებიან ადამიანებს საკუთარი ფინანსების მართვაში.

ამის საპირისპიროდ, არსებობს სხვადასხვაგვარი ფორმისა და სხვადასხვა ფუნქციის მქონე პროდუქტები თუ სერვისები, რომლებიც შეიძლება ერთსა და იმავე მიზანს ემსახურებოდეს. ავიღოთ, მაგალითად, კინო და რესტორნები. საერთო ნიშან-თვისებები მათ ძალიან ცოტა აქვთ, და მათი ფუნქციებიც სრულიად განსხვავებულია. რესტორნის დანიშნულებაა საკვებისა და ურთიერთობის მოთხოვნილების დაკმაყოფილება. ეს დანიშნულება ძლიერ განსხვავდება კინოთეატრების მიერ შემოთავაზებული ვიზუალური გასართობისგან. მაგრამ რესტორნებისა და კინოთეატრების განსხვავებული ფორმებისა და ფუნქციების მიუხედავად, ადამიანები ორივეგან ერთი და იმავე მიზნით, დროის გასატარებლად მიდიან. რესტორანი და კინოთეატრი ერთმანეთის შემცვლელი კი არა, ალტერნატივაა.

სანამ რაიმეს იყიდდეს, მყიდველი ყოველთვის აწონ-დაწონის ხოლმე (ზოგჯერ გაუცნობიერებლადაც კი) ყველა მის ხელთ არსებულ ალტერნატივას. დროის სასიამოვნოდ გატარება გინდათ? რა ბაზრის საზღვრების რეკონსტრუქცია შეიძლება გააკეთოთ ამისათვის? წახვიდეთ კინოში, მასაჟისტს მიაკითხოთ, თუ კაფეში განმარტოვდეთ საყვარელ წიგნთან ერთად? ინდივიდუალურ მყიდველებსაც და სამრეწველო დანიშნულების საქონლის შემსყიდველებსაც თავში ერთი და იგივე აზრები უტრიალებთ.

მაგრამ როცა გამყიდველის როლში აღმოვჩნდებით, ხშირად ამა თუ იმ მიზეზის გამო, უარს ვამბობთ ამგვარ აზროვნებაზე. გამყიდველები ძალიან იშვიათად ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ აკეთებს კლიენტი არსებულ ალტერნატივებს შორის არჩევანს. ფასისა თუ მოდელის შეცვლას, ან თუნდაც ახალ სარეკლამო კამპანიას შეიძლება დიდი გამოხმაურება მოჰყვეს იმავე დარგში მომუშავე კონკურენტების მხრიდან, მაგრამ ალტერნატიული დარგების წარმომადგენლებისთვის ასეთი დემარში, როგორც წესი, შეუმჩნეველი რჩება. დარგობრივი ჟურნალები, სავაჭრო გამოფენები და სამომხმარებლო რეიტინგები მხოლოდ ამაგრებს ერთი დარგის მეორისგან გამმიჯვნელ ვერტიკალურ ზღუდეებს. არადა, ყველაზე ხშირად, სწორედ ალტერნატიულ დარგებს შორის არსებული სივრცე იძლევა ფასეულობის ინოვაციისგანხორციელების საშუალებას.

მაგალითი - ალტერნატიული დარგები

ლურჯი ოკეანის სტრატეგია - ჩან კიმი; რენე მობორნი