ბიზნესმოდელზე მუშაობისას, ჩვენ შორის ცოტას თუ აქვს სოციალური მეცნიერების გუნდის ყოლის ფუფუნება. ასეთ დროს, ნებისმიერს შეუძლია ჩანახატის გაკეთება, რომელიც მომხმარებელთა სეგმენტებს აღწერს. ამისთვის, ემპათიის რუკა კარგი ათვლის წერტილია. ეს ინსტრუმენტი, რომელიც კომპანია „იქსპლეინმა“ (XPLANE) შექმნა, დაგეხმარებათ, უკეთ შეისწავლოთ თქვენი მომხმარებლები და, მათი დემოგრაფიული მახასიათებლების გარდა, გაეცნოთ მათ გარემოს, ქცევას, სადარდებელსა და მისწრაფებებს. ეს უფრო ძლიერი ბიზნესმოდელის შექმნის საშუალებას მოგცემთ, რადგან მომხმარებელთა პროფილი არის ერთგვარი გზამკვლევი, რომელიც დაგეხმარებათ, შექმნათ უკეთესი ფასეული შეთავაზება, მოიპოვოთ წვდომა თქვენს მომხმარებლებთან და ჩამოაყალიბოთ უფრო შესაფერისი ურთიერთობა. საბოლოო ჯამში, იგი დაგანახვებთ, სინამდვილეში რისთვის არის თქვენი მომხმარებელი მზად, გადაიხადოს.
თავდაპირველად დაიწყეთ მსჯელობით და მონიშნეთ ყველა შესაძლო მომხმარებელთა სეგმენტი, რომლის მომსახურებაც გსურთ. შემდეგ შეარჩიეთ სამი ყველაზე დამაიმედებელი სეგმენტი და შექმენით ერთ-ერთის მომხმარებლის პროფილი.
მიანიჭეთ ამ მომხმარებელს სახელი და განსაზღვრეთ მისი დემოგრაფიული მახასიათებლები, როგორებიცაა შემოსავალი, ოჯახური მდგომარეობა და სხვა. შემდეგ გამოიყენეთ მომდევნო გვერდზე მოცემული დიაგრამა, განათავსეთ იგი ფლიპჩარტზე ან დაფაზე და დაიწყეთ თქვენი ახალი მომხმარებლის პროფილის შექმნა. დასვით და უპასუხეთ შემდეგ ექვს კითხვას:
აღწერეთ, რას ხედავს მომხმარებელი იმ გარემოში, რომელშიც იგი იმყოფება
აღწერეთ, როგორ ახდენს გარემო გავლენას მომხმარებელზე