პატენტი გამოგონებაზე არის დოკუმენტი, რომელსაც გასცემს სახელმწიფო პატენტის მფლობელზე და ადასტურებს მის განსაკუთრებულ უფლებას გამოგონებაზე.
გამოგონება გულისხმობს ტექნიკურ გადაწყვეტას მრეწველობის ნებისმიერ დარგში, რომელიც შეიძლება იყოს პროდუქტი (მაგ. მოწყობილობა, ნივთიერება, მიკროორგანიზმთა შტამი), ხერხი (პროცესი), ან პროდუქტის გამოყენება. პატენტში გახსნილი უნდა იყოს დასახული ამოცანის გადაჭრის გადაწყვეტილება და დადებითი შედეგის მიღწევის გზა.
აღსანიშნავია, რომ პატენტი გაიცემა ტექნიკურ გადაწყვეტილებაზე და არა ამოცანაზე.
პატენტი გამოგონებაზე გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური გადაწყვეტა არის ახალი, აქვს საგამომგონებლო დონე (არ არის ცხადი სპეციალისტისთვის) და არის სამრეწველოდ გამოყენებადი.
პატენტი გამომგონებელს ანიჭებს უფლებას გარკვეული დროის განმავლობაში ისარგებლოს და მიიღოს სარგებელი თავისი გამოგონებით იმ ქვეყნის (ან რეგიონის) ტერიტორიაზე, სადაც შეიტანა საპატენტო განაცხადი, ამ ქვეყნის (ან რეგიონის) კანონმდებლობის შესაბამისად. კერძოდ, პატენტი მის მფლობელს ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებას, აუკრძალოს სხვა პირებს თავისი ნებართვის გარეშე პატენტით დაცული პროდუქტის დამზადება, გაყიდვა, გასაყიდად შეთავაზება, გამოყენება, იმპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვა, პატენტით დაცული ხერხის გამოყენება ან გასაყიდად შეთავაზება და, აგრეთვე, პატენტით დაცული ხერხით უშუალოდ მიღებული პროდუქტის გაყიდვა, გასაყიდად შეთავაზება, გამოყენება, იმპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვა.
პატენტის მფლობელს შეუძლია უფლება მისცეს ან გასცეს ლიცენზია სხვა პირებზე პატენტის გამოყენების შესახებ, ურთიერთ შეთანხმებული პირობებით.
სასარგებლო მოდელი არის გამოგონების მსგავსი ობიექტი (ტექნიკური გადაწყვეტა), რომელიც ეხება მოწყობილობას, ხერხს და მათი ახალი დანიშნულებით გამოყენებას. სასარგებლო მოდელს აქვს გამოგონებასთან შედარებით ნაკლებად მკაცრი მოთხოვნები პატენტუნარიანობის კრიტერიუმებთან მიმართებაში, განაცხადის განხილვასთან დაკავშირებული საქმისწარმოების შემცირებული ვადები და გამარტივებული პროცედურები. სასარგებლო მოდელის პატენტის მოქმედების ვადა საქართველოს ტერიტორიაზე არის 10 წელი. სასარგებლო მოდელის პატენტის გამოყენება შესაძლებელია გამოგონების პატენტის ანალოგიურად.