ძირითადი გაყიდვები ის გაყიდვებია, რომელთა იმედიც გაქვთ თქვენი მარკეტინგის ახლანდელ მდგომარეობაში. თუ, მაგალითად, წელიწადში გაყიდვების მაჩვენებლის 3%დან 6%მდე სტაბილური ზრდა შეინიშნება (ოდნავ მერყევ ეკონომიკურ ციკლთან ერთად) და იმავე პირობებში გიხდებათ საქმიანობა, თქვენ შეგიძლიათ მომავალი წლისთვის გაყიდვების 4%იანი ზრდა დაგეგმოთ. როგორც წესი, იშვიათად შეხვდებით ერთსა და იმავე გარემო პირობებს, რადგან დროთა განმავლობაში შეიძლება კონკურენციის ახალ საფრთხეებთან შეჭიდება მოგიხდეთ. ამასთან, იცვლება ტექნოლოგიები, მომხმარებელთა საჭიროება და ა.შ. გარდა ამისა, ფრთხილად უნდა იყოთ, რომ მომავალ წელს მოსალოდნელი ნებისმიერი საფრთხის გამო თქვენმა ძირითადმა გაყიდვებმა არ იკლოს. თუ პროგრამაში ცვლილებებს არ შეიტანთ, ამას შეიძლება უარყოფითი მაჩვენებლის ზრდა მოჰყვეს, ვინაიდან კონკურენტები და მომხმარებელთა ინტერესები ცვალებადია მაშინაც კი, თუ თქვენ უცვლელი ხართ.
ზოგიერთი სიახლე ნამდვილად ზრდის გაყიდვების მოცულობას, ზოგი კი – არა. თუკი უკვე მოსინჯეთ რომელიმე ახალი მეთოდი, მაშინ გამოცდილებაც გექნებათ, რომელი მეთოდი ახდენს გაყიდვებზე დადებით გავლენას და რომელი – არა. თუ საქმე გაქვთ სრულიად ახალ მოვლენასთან, მაშინ დაგეგმვისას ძალიან დიდი სიფრთხილე და კონსერვატიულობა გმართებთ მანამ, სანამ საკუთარ ზუსტ მონაცემებსა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას არ გამოიმუშავებთ.
მარკეტინგი მარტივად - ალექსანდრ ჰაიმი