ინოვაცია ზოგადი განმარტებით განიხილება, როგორც პროცესი რომლის შედეგადაც იდეა გარდაიქმნება ისეთ პროდუქტად ან მომსახურებად, რომელიც ქმნის ეკონომიკურ დოვლათს და მომხმარებელი მზად არის შეიძინოს ის. შესაბამისად, ინოვაცია აერთიანებს ყველა პროცესს, რომლების მეშვეობითაც იდეა გარდაიქმება საჭირო პროდუქტად, ბიზნესში ინოვაციის შედეგი ძირითადად მომხმარებლების მოთხოვნილებებისა და მოლოდინების ეფექტური დაკმაყოფილებაა[1].
ტერმინის განსამარტად ასევე შეგვიძლია ინოვაციების შესახებ საქართველოს კანონი მოვიშველიოთ, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ 2016 წელს არის შემუშავებული; სადაც „ინოვაცია“ განმარტებულია :
... “ინოვაცია – ეკონომიკური, სამეცნიერო ან სოციალური ღირებულების მქონე, გამოყენებადი, ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტი, პროცესი ან მომსახურება…”
აღნიშნულ განმარტებაში ყურადღება უნდა მივაქციოთ რამდენიმე სიტყვას, რომელიც კარგად ახასიათებს ინოვაციას: განმარტებაში აღნიშნულია, რომ იდეა უნდა იყოს “...ეკონომიკური, სამეცნიერო ან სოციალური ღირებულების მქონე…” და “გამოყენებადი”, რაც ხაზს უსვამს, იმას რომ იდეამ უნდა ჰპოვოს გამოყენება მომხმარებლისა და საზოგადოების მიერ. იდეა, რომელიც არ რეალიზდება, არ შეგვიძლია ჩავთვალოთ ინოვაციურ იდეად, რადგან ის მხოლოდ ერთი ადამიანის ნააზრევად რჩება და არ ჰპოვებს არანაირ გამოყენებას. ინოვაციური ბიზნესის განმარტებისას კი განსაკუთრებით გასათვალისწინებელია იდეის “ეკონომიკური ღირებულება”, რაც ნიშნავს, იმას რომ იდეას უნდა ჰქონდეს ბიზნესიდან მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებლის მიღების პოტენციალი.
შესაბამისად იმისათვის, რომ იდეას ინოვაცია ვუწოდოთ, აუცილებელია ბაზარზე არსებულ საჭიროებას აკმაყოფილებდეს. ინოვაცია, შესაძლოა შემდეგი მახასიათებლების ერთობლიობად წარმოვაჩინოთ:
საჭიროება - ჩვენ ვთანხმდებით, რომ ბიზნესის მიერ შექმნილი ნებისმიერი პროდუქტი აკმაყოფილებს მომხმარებლების საჭიროებებს და შექმნილია რაიმე პრობლემის მოსაგვარებლად, ან პრობლემის არსებული გადაჭრის გზის გასაუმჯობესებლად. შესაბამისად, ის რაც არავის სჭირდება ეკონომიკური დოვლათის მომტანი არ არის და ვერც ინოვაციად ჩაითვლება
შესაძლებლობა - ინოვაცია უნდა ქმნიდეს ახალ შესაძლებლობებს, ავითარებდეს ბაზარს და მომხმარებელს უმარტივებდეს გადაწყვეტილების მიღებას
მომხმარებელი - როგორც ზემოთ ვთქვით, ინოვაცია პროდუქტად ან მომსახურებად გარდაქმნილი იდეაა, შესაბამისად თუკი თქვენს მიერ შექმნილ პროდუქტს მომხმარებელი არ ჰყავს, ბიზნესის კეთება ასეთ შემთხვევაში წამგებიანია
კრეატიულობა - შემოქმედებითობა და კრეატიულობა ინოვაციური იდეების დაბადების საწინდარია, ხოლო იდეები უკვე პროდუქტად გარდაქმნილი თავად - ინოვაცია
პროცესი და დისციპლინა - ინოვაციაზე მუშაობის ნებისმიერი პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული, დროში გაწერილი და ორგანიზებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ეფექტური შედეგი ვერ მიიღწევა.
ღირებულება - აქ იგულისხმება, თქვენს მიერ შექმნილი ინოვაციის ღირებულება, როგორც ფულად ერთეულში ასევე ფასეულობა რომელსაც მომხმარებელს სთავაზობთ.
იღბალი - შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ყველაფერი იღბალზეა დამოკიდებული რაღაც ეტაპზე, თუმცა თუკი ყველაფერი არ სცადეთ თქვენი იდეის განსახორციელებლად, იღბალი წარმატებაში ყველაზე უმნიშვნელო როლის შემსრულებელი შეიძლება იყოს.