მარკეტინგული პროგრამის გაუმჯობესება და გაყიდვების მაჩვენებლისა და მოგების ზრდა უამრავი გზით შეიძლება. ამ ნაწილში რამდენიმე მათგანს განვიხილავთ, მაგრამ თქვენ ნუ შეჩერდებით – განაგრძეთ ახალი იდეების ძიება და შეუდექით მათ ხორცშესხმას.
- ესაუბრეთ მომხმარებელთაგან საუკეთესოს. იქნებ თქვენთვის სასიკეთო რაიმე იდეა აქვთ (ყურადღება არ მიაქციოთ ზედმეტად ძვირად ღირებულ იდეებს, ერთ კლიენტსაც კი ვერ იპოვით, თქვენს ფულზე რომ ღელავდეს).
- მომხმარებლებს მადლობა გადაუხადეთ დახმარებისთვის. მეგობრული “დიდი მადლობა” და ღიმილი, ბარათი, შენიშვნა ან ინვოისის კონვერტში მოთავსებული თავაზიანი წერილი აგრძნობინებს მომხმარებელს, როგორ აფასებთ მას.
- შეცვალეთ მარკეტინგული არეალი. არის თუ არა თქვენი პროდუქციის გავრცელების არეალი თვალსაჩინო და ეფექტური? თუ არა, მაშინ დაავიწროეთ არეალი და დასჯერდით ერთ ძირითად რეგიონს ან მომხმარებლის კონკრეტულ ტიპს. თუმცა, თუ გაფართოების პოტენციალი გაქვთ, ეცადეთ, წვდომის არე თანდათან გააფართოოთ და ამ გზით გაზარდოთ საკუთარი ტერიტორია.
- გაიჩინეთ მეტი რეკომენდატორი კლიენტი. გაატარეთ დრო იმ ადამიანებთან საუბარში, რომლებმაც კლიენტები გამოგიგზავნეს. გადაუხადეთ მადლობა ყველას, ვინც პოტენციურ მყიდველს გიგზავნით. დადებითი სტიმული ქცევას ახალისებს.
- გახადეთ მარკეტინგი უფრო მიმზიდველი (პროფესიონალური, შემოქმედებითი, დახვეწილი, ნათელი, კარგად გაწერილი, ეფექტურად შედგენილი). თუკი მუდმივად განაახლებთ თქვენს მარკეტინგულ კომუნიკაციებსა და სხვა კომპონენტებს, შეძლებთ მარკეტინგული პროგრამების ეფექტურობის ამაღლებას (იცოდით, რომ კარგად ჩაცმულ კონსულტანტებს მათი სფეროსთვის ჩვეულებრივ საშუალო ანაზღაურებაზე ორჯერ მეტს უხდიან?).
- გაიღიმეთ, რომ ადამიანების გული მოიგოთ და ბიზნესი შეინარჩუნოთ. დარწმუნდით, რომ თქვენი დასაქმებულებიც კეთილგანწყობილი და თავაზიანები არიან. თუ ასე არ არის, მათი მიზეზით შეიძლება გაკოტრდეთ. ნუ მისცემთ უფლებას ადამიანებს, თქვენი მარკეტინგული პროგრამის განხორციელებას ხელი შეუშალონ. გაარკვიეთ, ხვდებიან თუ არა თქვენი თანამშრომლები, რომ პროგრამის წარმატება მათზეც არის დამოკიდებული? ტრენინგებისა და კარგი მენეჯმენტის მეშვეობით დაეხმარეთ მათ, ისწავლონ მომხმარებლებთან პოზიტიური, სასარგებლო და პროდუქტიული ურთიერთობა.
- დაეხმარეთ მომხმარებელს ან კლიენტს, თქვენთან ურთიერთობა სასიამოვნო მოგონებად ექცეს. დაარწმუნეთ, რომ თქვენთან ერთად საქმის კეთება ნამდვილად ღირს.
- განსაზღვრეთ, რაში გინდათ იყოთ საუკეთესო და ნუ დაიშურებთ ძალას მიზნის მისაღწევად. ვის სჭირდებით ჩვეულებრივი და საშუალო? წარმატების საფუძველი სხვა კომპანიებსა თუ პროდუქტთან შედარებით უპირატესობაა. საკმარისია, სულ მცირე რამ, რაც თქვენს განსაკუთრებულობას წარმოაჩენს! აღმოაჩინეთ ეს რაღაც და იზრუნეთ მის დახვეწაზე - თქვენ ხომ პროდუქტი სწორედ ამის წყალობით უნდა გაყიდოთ!
- სცადეთ ჯვარედინი გაყიდვა ძირითად მომხმარებლებთან – შესთავაზეთ მათ დამატებითი პროდუქცია (ან მასთან დაკავშირებული მომსახურება). შესყიდვების საშუალო მოცულობის ზრდა ან მოწესრიგება მარკეტინგული პროგრამის გაუმჯობესების უტყუარი საშუალებაა, მაგრამ ჯვარედინი გაყიდვა ფაქიზად და ბუნებრივად უნდა მიმდინარეობდეს. ნუ გაყიდით უვარგის საქონელს, რომელიც არ არის თქვენი დაინტერესების ობიექტი და არც მომხმარებლისთვის არის სასურველი.
- გაესაუბრეთ მომხმარებლებს, რომლებიც უკმაყოფილო არიან ან თქვენთან ურთიერთობას სხვაგან წასვლა არჩიეს. რა არის მათი უკმაყოფილების მიზეზი? შეგიძლიათ თუ არა მათ დასაბრუნებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგათ (ამასთან, ყურადღებას ნუ მიაქცევთ იმ მომხმარებლებს, რომლებიც არ შეესაბამებიან თქვენს სამიზნე სამომხმარებლო პროფილს, რადგან ცხადია, ყველასთვის სასურველი პარტნიორი ვერ იქნებით)?
მარკეტინგი მარტივად - ალექსანდრ ჰაიმი