https://s3-us-west-2.amazonaws.com/secure.notion-static.com/e39234e5-d850-4469-a4ef-5c23c43574ac/b67836_659c15b2d3954cefbadc1d8a079314e8_mv2.png

ხშირად, სახელმწიფო სექტორის წინაშე, საქმიანობაში კერძო სექტორის პრინციპების დანერგვის ამოცანა დგება. მე გამოვიყენე ტილო, რათა დავხმარებოდი ერთ-ერთ სამინისტროს, მომსახურებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციად დაენახა საკუთარი თავი. ერთდროულად, არსებული და მომავალი ბიზნესმოდელების მონახაზები შევქმენით. შედეგად, ბიზნესმოდელის ცვლილებასა და ინოვაციებზე საუბარი აბსოლუტურად სხვა კალაპოტით წარიმართა.

მაიკ ლაშაპელი (Mike Lachapelle), კანადა

კონსულტაციას ვუწევ მცირე კომპანიებს „ფრიმიუმის” ტიპის ბიზნესმოდელების გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს მოდელი გულისხმობს ძირითადი პროდუქტების უფასოდ გაცემას, რაც ბევრი ბიზნესმენისთვის ძალზე ალოგიკურია. ბიზნესმოდელის ტილოს დახმარებით, იოლად შემიძლია იმის ჩვენება, რატომ არის აღნიშნული მოდელი ფინანსური თვალსაზრისით გამართლებული.

პიტერ ფრობერგი (Peter Froberg), დანია

მეწარმეებს ვეხმარები იმაში, რომ კომპანიებიდან გადასვლისა და გასვლის პროცესები დაგეგმონ. წარმატება კომპანიის სიცოცხლისუნარიანობისა და ზრდის გრძელვადიან პერიოდში შენარჩუნებაზეა დამოკიდებული. ამას ძირითადად, ბიზნესმოდელის ინოვაციის პროგრამა განაპირობებს. ტილო გვეხმარება, შევისწავლოთ, შევაფასოთ და განვაახლოთ მათი ბიზნესმოდელები.

ნიკოლას კ. ნიმანი (Nicholas K. Niemann), შეერთებული შტატები

ბრაზილიაში ვიყენებ ბიზნესმოდელის ტილოს, რათა დავეხმარო ხელოვანებს, პროდიუსერებსა და თამაშების შემქმნელებს, თავიანთ საქმიანობაში ინოვაციური ბიზნესმოდელები დანერგონ. ტილოს ვიყენებ ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაში კულტურის მუშაკებისთვის და COPPE/UFRG ბიზნესინკუბატორის ინოვაციური თამაშების ლაბორატორიაში.

კლაუდიო დილპოლიტო (Claudia D’Lpolitto), ბრაზილია

როგორც წესი, როდესაც ბიზნესმოდელზე ვფიქრობთ, შეიძლება დავასკვნათ, რომ იგი მხოლოდ მომგებიანი ბიზნესისთვისაა განკუთვნილი. თუმცა, მე აღმოვაჩინე, რომ ტილო ეფექტიანია ასევე, არაკომერციულ სექტორში. ჩვენ იგი ლიდერების გუნდის ჩამოსაყალიბებლად და გასაერთიანებლად, ახალი არაკომერციული პროგრამის შექმნის პროცესში გამოვიყენეთ. ტილო საკმარისად მოქნილი აღმოჩნდა იმისათვის, რომ გაგვეთვალისწინებინა სოციალური საწარმოს მიზნები, განგვესაზღვრა ნამდვილად ფასეული შეთავაზება და დაგვესახა მისი სიცოცხლიუნარიანობის შენარჩუნების გზები.

კევინ დონალდსონი (Kevin Donaldson), შეერთებული შტატები

ნეტავ წლების წინ მცოდნოდა ბიზნესმოდელის ტილოს შესახებ! იგი ძალიან დამეხმარებოდა საგამომცემლო ბიზნესის ერთ-ერთ რთულ პროექტში, რომელიც ბეჭდური მასალის ციფრულად გარდაქმნას ეხებოდა. მისი მეშვეობით, პროექტის ყველა წევრს ვიზუალურად დავანახვებდი მთლიან სურათს, თითოეულის მნიშვნელოვან როლს და ცალკეული კომპონენტების კავშირურთიერთობას. აღარ დავკარგავდი ძვირფას დროს ახსნაზე, კამათსა და გაუგებრობაზე.

ჯილ სოლი (Jille Sol), ჰოლანდია

ჩემი ახლო მეგობარი ახალ სამსახურს ეძებდა. მე გამოვიყენე ტილო, რათა მისი პერსონალური ბიზნესმოდელი ობიექტურად შემეფასებინა. იგი უნიკალური ცოდნითა და ფასეული შეთავაზებით გამოირჩეოდა, მაგრამ სტრატეგიულ პარტნიორებზე ზემოქმედებასა და მომხმარებლებთან ურთიერთობის დამყარებაში მოიკოჭლებდა. სათანადო ფაქტორებზე ყურადღების გამახვილებით, მეგობარმა სრულიად ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინა.