იგივე გააკეთა თავისი სახელგანთქმული „ვიაგრით“ კომპანია Pfizer-მა, რომელმაც აქცენტი მედიკამენტოზური მკურნალობიდან ცხოვრების ხარისხის ამაღლებაზე გადაიტანა. ანალოგიური სურათი გვხვდება Starbucks--თან მიმართებითაც, რომელმაც თავდაყირა დააყენა მთელი დარგი, როდესაც აქცენტი გააკეთა არა ყავის, როგორც საქონლის, გაყიდვაზე, არამედ ემოციური ატმოსფეროს შექმნაზე, სადაც მყიდველები ამ სასმლით ტკბებიან.
ასეთი ლურჯი ოკეანეები მომსახურების სფეროშიც ჩნდება, ოღონდ აქ ცვლილებები საპირისპირო მიმართულებით - ემოციური მიმზიდველობიდან ფუნქციურობისკენ მიმდინარეობს. ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც ადამიანებთან ურთიერთობას უკავშირდება - მაგალითად, სადაზღვევო, საბანკო და საინვესტიციო კომპანიები - ადრე ბროკერსა და კლიენტს შორის ემოციურ კავშირზე აკეთებდნენ აქცენტს. მაგრამ ახლა ეს კომპანიები მზად არიან ცვლილებებისთვის.
მაგალითად, ბრიტანულმა სადაზღვევო კომპანია Direct Line Group-მა ყველა ტრადიციული ბროკერი დაითხოვა. ორგანიზაცია ამ ნაბიჯს ასე ხსნის: კლიენტებს აღარ სჭირდებათ ხელჩაკიდებული ტარება და ემოციური კომფორტის შექმნა (ჩვეულებრივ, სწორედ ამით იყვნენ დაკავებული ბროკერები), თუკი კომპანიას შეუძლია, ვთქვათ, სწრაფად გადაიხადოს დაზღვევის თანხა და ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე იმუშაოს. ამჟამად Direct Line Group-ი ბროკერებისა და რეგიონული ოფიცრების მომსახურების ნაცვლად სარგებლობს საინფორმაციო ტექნოლოგიებით, რომლებიც აუმჯობესებს საჩივრების განხილვის პროცესს და, ხარჯების შემცირების წყალობით, ამცირებს დაზღვევის გადასახადს კლიენტებისთვის. ლურჯი ოკეანის ამ სტრატეგიული ნაბიჯის გადადგმიდან ოცი წლის შემდეგ Direct Line Group-მა მრავალი კლიენტის გული და მრავალი პრემია მოიგო - მათ შორის, როგორც გაერთიანებული სამეფოს საუკეთესო, ყველაზე სანდო და ინოვაციურმა ავტოსადაზღვევო ბრენდმა. ამერიკის შეერთებულ შტატებში The Vanguard Group-მა (ინდექსირებული ფონდები) და Charles Schwab-მა (საბროკერო მომსახურება) ანალოგიური ქმედებები განახორციელეს საინვესტიციო დარგში, როდესაც პირად ურთიერთობებზე დაფუძნებული, ემოციური ორიენტაციის მქონე ბიზნესები მაღალეფექტიან და დაბალდანახარჯიან ფუნქციურ ბიზნესებად აქციეს.
თქვენს დარგში კონკურენცია ემოციური კუთხით მიმდინარეობს თუ ფუნქციური? თუ ემოციურ მიმზიდველობაზე აკეთებთ აქცენტს, რა ელემენტებზე შეგიძლიათ უარის თქმა, რომ ეს მიმზიდველობა ფუნქციური გახადოთ? და პირიქით, თუ ფუნქციურ მიმზიდველობაზე ხართ ფოკუსირებული, რა ელემენტების დამატება შეგიძლიათ, რომ ეს მიმზიდველობა ემოციური გახდეს?
ლურჯი ოკეანის სტრატეგია - ჩან კიმი; რენე მობორნი