- დარწმუნდით, რომ თქვენი რელიზის თემა პუბლიკაციის მკითხველებისთვის მართლაც მნიშვნელოვანია. რედაქტორი რომ ყოფილიყავით და ათობით პრესრელიზიდან მხოლოდ მცირედის გამოქვეყნება შეგძლებოდათ, აირჩევდით საკუთარ რელიზს? ამბავი, რომელსაც ის გადმოსცემს, თქვენი ბიზნესისთვის არის მნიშვნელოვანი თუ მკითხველებისთვის? თუ ასე არ არის, დაივიწყეთ ის და ეძებეთ ახალი კუთხით.
- დარწმუნდით, რომ თქვენი პრესრელიზი ნამდვილად ახალი ამბავია და არა შენიღბული რეკლამა. რედაქტორები არ თანამშრომლობენ სარეკლამო გამომცემლებთან. ყველა უარს იტყვის მის გაშუქებაზე, თუ ის შენიღბული რეკლამა იქნება. რა თქმა უნდა, გაშუქების მიზანი დიდწილად არის კიდეც რეკლამა, მაგრამ თქვენი რელიზი ახალი ამბის ან სასარგებლო ინფორმაციის მეშვეობით გასაჯაროვდება.
- პრესრელიზი ისე მოამზადეთ, რომ პუბლიკაციის მკითხველებმა მისგან სარგებელი ნახონ. თქვენი განცხადება უფრო ხშირად გამოქვეყნდება, თუ შეიცავს ინფორმაციას, რომელიც სასარგებლო აღმოჩნდება ამ კონკრეტული პუბლიკაციის მკითხველებისთვის. სასარგებლო ინფორმაცია ან ახალი ტრენდი მკითხველთა დაინტერესების ახალი ტექნოლოგია იქნება.
- გახადეთ ის მოკლე და მნიშვნელოვანი.სარედაქტორო სივრცე ძალიან შეზღუდულია და დაკავებულ რედაქტორებს არ აქვთ საიმისო დრო, ტექსტი დაამუშაონ და მნიშვნელოვანი პუნქტები ამოკრიფონ. წერეთ გასაგებად და გამოიყენეთ მხოლოდ მნიშვნელოვანი და შესაბამისი ინფორმაცია. შეამოკლეთ ნაწერი, დაწურეთ თავები და წინადადებები. ნუ გამოიყენებთ ჟარგონს და გამეორებას. გამოიყენეთ გაბედული ზმნები. შექმენით ცოცხალი, მაგრამ ზუსტი ტექსტი.
- გაითვალისწინეთ, რისი მიღება სურს რედაქტორს თქვენი პრესრელიზიდან. შეუძლია მას გასცეს პასუხი კითხვებს – ვინ? რა? როდის? სად? როგორ და რატომ?
- გრძელ ამბავს დაურთეთ ქვესათაურები, მინიმუმ ერთი თითო გვერდზე. ქვესათაური დოკუმენტს ყოფს ნაწილებად, და ამ წიგნში ქვესათაურის ნიმუშებსაც შემოგთავაზებთ. პრესრელიზში ქვესათაურები ეხმარება რედაქტორს, ერთი შეხედვით ჩასწვდეს ამბის შინაარსს.
- შეეცადეთ, დაურთოთ დეტალების ჩამონათვალი, რომელიც რელიზს სხვა კუთხითაც გახდის საინტერესოს. მაგალითად, ახალი რესტორანი, როდესაც პრესრელიზის გაგზავნისას მიუთითებს, გახსნის თარიღს, ტექსტს თან ურთავს დამატებით ფურცელს, ხუთი საფირმო კერძის ინგრედიენტებისა და რეცეპტების ჩამონათვალით.
- შექმენით თვითმყოფადი პრესრელიზი. ის არ უნდა საჭიროებდეს თანმხლებ წერილს. თუ გრძნობთ თანმხლები წერილის აუცილებლობას, რომლითაც რედაქტორს პრესრელიზის გაგზავნის ან მისით დაინტერესების მიზეზები უნდა აუხსნათ, იცოდეთ, რომ ასეთ შემთხვევაში თქვენი პრესრელიზი არ არის საკმარისად დამაჯერებელი. თავიდან დაიწყეთ წერა და იმუშავეთ მანამ, ვიდრე ისეთი არ გახდება, რომელსაც რედაქტორი წინ ვეღარ აღუდგება.
- მოიპოვეთ ყველა ფაქტი და დაგეგმეთ მონახაზი წერის დაწყებამდე. დამატებას და გადაწერას დრო და ფული დასჭირდება.
- წინა პლანზე დააყენეთ ახალი ამბები და არა ინტერპრეტაციები და ანალიზები.
- უარი თქვით გაზვიადებულ რეკლამაზე. ჩაეჭიდეთ საინტერესო ინფორმაციას.
- გამოიყენეთ მარტივი სათაური. დაივიწყეთ გონებამახვილური სათაურები, რომელიც რედაქტორებს იმის გასაგებად, თუ ვინ, რა, როდის, სად და რატომ, აიძულებს რამდენიმე აბზაცის წაკითხვას. თუ სათაური შეაჯამებს რელიზს, რედაქტორამდე სწრაფად მივა თქვენი მოსაზრება.
- დატოვეთ მრავლად ცარიელი სივრცე. ამის გაკეთება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველი გვერდის ზედა ნაწილში, რადგან რედაქტორს უყვარს სივრცე რედაქტირებისთვის. დატოვეთ ორმაგი სივრცე და ფართო ნაპირები. არასდროს გამოიყენოთ ფურცლის უკანა გვერდი.
პიარი მარტივად - ერიკ იავერბაუმი, რობერტ ბლაი, ილისე ბენუნი