მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორებმა ბიზნესების დანაწევრება დაიწყეს. ტრადიციულად, ისინი ქსელის ხარისხით უწევდნენ ერთმანეთს კონკურენციას, ამჟამად კი ცდილობენ, კონკურენტებთან ქსელის გაზიარების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიონ ან ქსელთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია ტექნიკის მწარმოებლებს მიანდონ. რატომ? მათ გაიაზრეს, რომ მათი ძირითადი აქტივია არა ქსელი, არამედ - ბრენდი და მომხმარებლებთან ურთიერთობა.
ტექნიკის მწარმოებლები
კავშირგაბმულობის ოპერატორები, როგორიცაა „ფრანს ტელეკომი“ (France Telecom), ქეი-ფი-ენ-ი (KPN) და „ვოდაფონი“ (Vodafone), ქსელების გარკვეული ნაწილის მართვასა და შენახვას გარე რესურსებს ანდობენ, მაგალითად - ტექნიკის მწარმოებელ კომპანიებს, როგორიცაა „ნოკია სიმენს ნეთვორქსი“ (Nokia Siemens Networks), „ალკატელ-ლუსენტი“ (Alcatel-Lucent) და „ერიქსონი“ (Ericsson). ტექნიკის მწარმოებლები ქსელებს დაბალ ფასად მართავენ, რადგან ისინი ერთდროულად რამდენიმე კავშირგაბმულობის ოპერატორს ემსახურებიან და მასშტაბის ეკონომიით სარგებლობენ.
დანაწევრებული სატელეკომუნიკაციო კომპანია
ინფრასტრუქტურის მართვაზე ორიენტირებული ბიზნესის დანაწევრების შემდეგ, კავშირგაბმულობის ოპერატორს შეუძლია გადაიტანოს ყურადღება ბრენდინგზე და მომხმარებლებისა და სერვისების სეგმენტებად დაყოფაზე. მომხმარებლებთან ურთიერთობა მისი ძირითადი აქტივი და ბიზნესია. მას მომხმარებლების შეძენასა და შენარჩუნებაში ჩადებული ინვესტიციების გამოყენება შეუძლია, თუკი იგი ყურადღებას მომხმარებლებსა და აბონენტებისგან მიღებული შემოსავლის გაზრდაზე გადაიტანს. „ბარტი ეარტელი“ (Bharti Airtel) მობილური კავშირგაბმულობის ერთ-ერთი პირველი ოპერატორია, რომელმაც სტრატეგიულად დაყოფა გადაწყვიტა. დღესდღეობით იგი ლიდერია ინდოეთის ბაზარზე. მან ქსელების მართვა „ერიქსონსა“ და „ნოკია სიმენს ნეთვორქს“ მიანდო, ხოლო ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვა – აი-ბი-ემ-ს (IBM). შედეგად, კომპანია ორიენტირებულია თავის ძირითად კომპეტენციაზე: მომხმარებლებთან ურთიერთობების მართვაზე.
კონტენტის მიმწოდებლები
ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შექმნის მიზნით, შესაძლებელია კავშირგაბმულობის ოპერატორის უფრო მომცრო, შემოქმედებით კომპანიებად დანაწევრება. ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შექმნა შემოქმედებით ნიჭს მოითხოვს, რომელსაც, როგორც წესი, უფრო მომცრო და მოქნილი ორგანიზაციები უკეთ იზიდავენ. კავშირგაბმულობის ოპერატორები სხვადასხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ. ეს ორგანიზაციები მათ ახალ ტექნოლოგიებს, სერვისებსა და მედიისთვის განკუთვნილ სხვადასხვა კონტენტს აწვდიან, როგორებიცაა: რუკები, თამაშები, ვიდეოები და მუსიკა. მაგალითად, ასეთი ორგანიზაციებია: ავსტრიული „მობილიზი“ (Mobilizy) და შვედური „ტატი“ (tat). „მობილიზი“ ორიენტირებულია სმარტფონებისთვის განკუთვნილი სერვისების შექმნაზე (იგი პოპულარული მობილური სამოგზაურო სახელმძღვანელოს ავტორია), ხოლო „ტატი“ - მომხმარებელთა ინტერფეისების შექმნაზე.
როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ავტორი: ალექსანდრ ოსტერვალდელი და ივ პენიე