ძირითადი რესურსები - აღწერს ყველაზე მნიშვნელოვან მახასიათებლებს, რომლებიც აუცილებელია ბიზნესმოდელის ფუნქციონირებისთვის.
ყველა ბიზნესმოდელს ძირითადი რესურსები ესაჭიროება. ამ რესურსების საშუალებით საწარმო მომხმარებლისთვის ქმნის და აწვდის ფასეულ შეთავაზებას, გადის ბაზარზე, ინარჩუნებს ურთიერთობებს მომხმარებელთა სეგმენტებთან და იღებს შემოსავალს. ბიზნესმოდელის ტიპიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ძირითადი რესურსებია საჭირო. მაგალითად, მიკროსქემების მწარმოებელს კაპიტალტევადი საწარმოო სიმძლავრეები ესაჭიროება, მაშინ როცა, მიკროსქემების შემქმნელისთვის უფრო მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსები.
ძირითადი რესურსები შეიძლება იყოს: მატერიალური, ფინანსური, ინტელექტუალური ან ადამიანური. კომპანია ძირითად რესურსებს შეიძლება ფლობდეს, ქირაობდეს ან ძირითადი პარტნიორებისგან იღებდეს.
რომელი ძირითადი რესურსებია საჭირო ჩვენი ფასეული შეთავაზებისთვის? რომელი მიწოდების არხები? მომხმარებლებთან რა სახის ურთიერთობები? რა შემოსავლის წყაროები?
ძირითადი რესურსების შემდეგნაირად შეიძლება დაჯგუფდეს:
მატერიალური რესურსები
ეს კატეგორია მოიცავს ფიზიკურ აქტივებს, როგორიცაა საწარმოო სიმძლავრეები და მანქანა-დანადგარები, შენობები, სატრანსპორტო საშუალებები, სავაჭრო წერტილები და სადისტრიბუციო ქსელები. საცალო მოვაჭრეები, როგორიცაა „უოლ-მარტი (Wal-Mart) ან Amazon.com, უმეტესად დამოკიდებული არიან მატერიალურ რესურსებზე, რომლებიც ხშირ შემთხვევაში დიდ კაპიტალდაბანდებას მოითხოვს. „უოლ-მარტს“ მაღაზიების უზარმაზარი საერთაშორისო ქსელი და მასთან დაკავშირებული ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა აქვს. Amazon.com ინფორმაციული ტექნოლოგიების, საწყობებისა და მიწოდების უზარმაზარ ინფრასტრუქტურას ფლობს.
ინტელექტუალური რესურსები
ბიზნესმოდელისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტებია ინტელექტუალური რესურსები, როგორიცაა ბრენდები, კონფიდენციალური ინფორმაცია, პატენტები და საავტორო უფლებები, პარტნიორებისა და მომხმარებლების მონაცემთა ბაზები. ინტელექტუალური რესურსების შექმნა რთულია, თუმცა, მათი წარმატების შემთხვევაში, მოგებაც ხელშესახებად იზრდება. მასობრივი მოხმარების პროდუქტების მწარმოებელი კომპანიებისთვის, როგორიცაა „ნაიკი“ და „სონი“, ძირითადი რესურსი მათი სავაჭრო მარკაა. „მაიკროსოფტი“ და SAP დამოკიდებული არიან პროგრამულ უზრუნველყოფასა და მასთან დაკავშირებულ ინტელექტუალურ საკუთრებაზე, რომელიც წლების განმავლობაში იქმნებოდა. Qualcomm მობილური მოწყობილობების მიკროპროცესორების მწარმოებელი და მიმწოდებელი კომპანია. მისი ბიზნესმოდელი აგებულია დაპატენტებული მიკროჩიპების ლიცენზიების სხვა კომპანიებისთვის მიყიდვაზე.
ადამიანური რესურსები
ყველა საწარმოს ესაჭიროება ადამიანური რესურსები, თუმცა ზოგიერთი ბიზნესმოდელისთვის პერსონალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაგალითად - ცოდნაზე დაფუძნებული და შემოქმედებითი ინდუსტრიებისთვის. ფარმაცევტული კომპანია „ნოვარტისი“ უმეტესად დამოკიდებულია ადამიანურ რესურსებზე. მისი ბიზნესმოდელი კომპანიაში დიდი რაოდენობით გამოცდილი და მაღალკვალიფიციური მეცნიერის შრომას ემყარება.
ფინანსური რესურსები
ზოგიერთ ბიზნესმოდელს ფინანსური რესურსები და/ან ფინანსური გარანტიები, როგორიცაა ფულადი სახსრები, საკრედიტო ხაზი, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მოსაწვევი თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ფონდები.
როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ავტორი: ალექსანდრ ოსტერვალდელი და ივ პენიე