1949 წელს დანიურმა სათამაშოების კომპანია „ლეგომ“ ახლა უკვე ცნობილი ასაწყობი სათამაშო აგურების წარმოება დაიწყო. მას შემდეგ „ლეგომ“ ათასობით სათამაშო ნაკრები გამოუშვა, რომელიც სხვადასხვა თემატიკას ეყრდნობა, მათ შორისაა: კოსმოსური სადგურები, მეკობრეები და შუა საუკუნეები. ბავშვების მრავალმა თაობამ ითამაშა ამ ნაკრებებით. თუმცა დროთა განმავლობაში, სათამაშოების ინდუსტრიაში კონკურენცია გამძაფრდა და „ლეგო“ იძულებული გახდა, ზრდის ინოვაციურ გზებზე ეფიქრა. შედეგად, მან ბლოკბასტერის ჟანრის ფილმების - მაგალითად, „ვარსკვლავური ომების“, „ბეტმენის“ და „ინდიანა ჯონსის“, პერსონაჟების გამოყენების უფლების მოპოვებას მიჰყო ხელი. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ლიცენზიების მოპოვება ძვირი ჯდება, ამ ნაბიჯმა კომპანიას შთამბეჭდავი შემოსავლი მოუტანა.
2005 წელს „ლეგომ“ მომხმარებელთა იდეებზე დაყრდნობით სათამაშო ნაკრებების შემუშავება დაიწყო. მან შექმნა „ლეგოს“ ქარხანა, რომელიც მომხმარებლებს სათამაშო ნაკრებების გამოგონებისა და ინტერნეტით შეკვეთის საშუალებას აძლევს. პროგრამული უზრუნველყოფა - „ლეგოს“ ციფრული დიზაინერი , ათასობით კომპონენტსა და უამრავ ფერს უზრუნველყოფს, რათა მომხმარებლებმა შენობების, ავტომობილების, თემატიკებისა და პერსონაჟების გამოგონება და შექმნა შეძლონ. მომხმარებლებს თავიანთი ნაკრებისთვის ყუთის დამზადებაც კი შეუძლიათ. „ლეგოს“ ქარხანამ პასიური მომხმარებლები „ლეგოს“ ნაკრების შექმნის გამოცდილებას აზიარა და ამ პროცესის აქტიურ მონაწილეებად აქცია. ეს ყველაფერი კი მიწოდების ჯაჭვის ინფრასტრუქტურის გარდაქმნას მოითხოვს. გაყიდვების მცირე მოცულობიდან გამომდინარე, „ლეგოს“ ჯერჯერობით სრულად არ მიუსადაგებია თავისი დამხმარე ინფრასტრუქტურა „ლეგოს“ ქარხნის ახალი მოდელისთვის. სამაგიეროდ, მან არსებული რესურსები და საქმიანობა ახალ მოდელთან შესაბამისობაში მოიყვანა.
ამასთანავე, ბიზნესმოდელის მხრივ, „ლეგო“ პროდუქტების მასობრივად წარმოებას გასცდა და „გრძელი კუდის“ სივრცეში შევიდა. გარდა იმისა, რომ „ლეგომ“ მომხმარებლებს საკუთარი სათამაშო ნაკრებების შექმნის საშუალება მისცა, ამჟამად მისი ქარხანა მომხმარებლების მიერ შექმნილ ნაკრებებსაც ინტერნეტით ყიდის. ზოგი კარგად იყიდება, ზოგი - ცუდად ან საერთოდ არ იყიდება. „ლეგოსთვის“ კი მთავარია, რომ ახალი ნაკრებებით გააფართოოს პროდუქტების ხაზი, რომელიც წარსულში რამდენიმე ბესტსელერზე იყო ორიენტირებული. დღესდღეობით, აღნიშნული მიმართულება საერთო შემოსავლის მხოლოდ მცირე ნაწილს იძლევა, მაგრამ იგი „გრძელი კუდის“ მოდელის განსახორციელებლად გადადგმული პირველი ნაბიჯია, რომელსაც შეუძლია, ტრადიციული მასობრივი ბაზრის მოდელი ჩაანაცვლოს ან შეავსოს.
როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ავტორი: ალექსანდრ ოსტერვალდელი და ივ პენიე