ინტერნეტ რესურსები
ქართული საიტები, რომლებიც დაგეხმარებათ სამსახურის ძებნისას
www.hr.com.ge, www.jobs.ge, www.hr.gov.ge, www.saqme.ge.
1000-ზე მეტი კარიერული და სამსახურთან დაკავშირებული ონლაინრესურსი, აკადემიური რჩევები და გამოცემები.
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მოძიება
იმისათვის, რომ დაადგინოთ, გინდათ თუ არა რომელიმე კომპანიაში მუშაობა, საჭიროა ამ კომპანიის შესახებ ინფორმაციას ფლობდეთ. გარდა ამისა, მოპოვებული ინფორმაცია გასაუბრების დროსაც დაგეხმარებათ. თქვენი ძიების დაწყების საუკეთესო ადგილი ინტერნეტგვერდები და პორტალებია. უნდა გაეცნოთ კომპანიის საქმიანობას, პროდუქტს, კლიენტებს, ფინანსურ მდგომარეობას და ინდუსტრიის რეიტინგს. ვინ არიან კომპანიის აღმასრულებელი პირები? კარიერული წინსვლის რა პერსპექტივებს ხედავთ კომპანიაში? ხდება თუ არა დაწინაურება კომპანიის შიგნით? გთავაზობთ თუ არა კომპანია პროფესიული განვითარების ტრენინგებს? არ გამოგრჩეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, კომპანიის ორგანიზაციული კულტურა.
ონლაინდისკუსიის ჯგუფები /ჩეტი/ მესიჯის დასატოვებელი დაფა
ონლაინდისკუსიის ჯგუფები საშუალებას გაძლევთ, გაესაუბროთ ადამიანებს, რომლებსაც თქვენნაირი ინტერესები აქვთ. ასეთი ჯგუფების უმეტესობა კომერციული ონლაინმომსახურების პროდუქტია და მოიცავს როგორც სამსახურის პოვნით დაინტერესებულ პირებს, ისე ექსპერტებსა და დამსაქმებლებს სხვადასხვა სფეროდან. ონლაინჩეტის გამოყენების დროს ირჩევთ იმ დასახელებას, რომელში მონაწილეობაც გსურთ. ეკრანზე ჩანს, რამდენი ადამიანია ამჟამად მიმდინარე დისკუსიაში ჩართული. თქვენი მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით, მარტივად ხდებით ამ დისკუსიის მონაწილე. შეგიძლიათ დასვათ შეკითხვები ჯგუფის წევრების მისამართით, ან უბრალოდ დააკვირდეთ მათ დიალოგს და გამოიტანოთ საკუთარი დასკვნები. ჯგუფის დატოვება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
გაზეთები და გამოცემები
ნუ იფიქრებთ, რომ ადგილობრივი, გამოცემები ნაკლებად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, თუ სამსახურს პატარა კომპანიაში ეძებთ. ნებისმიერი გამოცემა, რომელიც ბიზნესსიახლეებს ეთმობა, თქვენი საკითხავი მასალის განუყოფელ ნაწილად უნდა იქცეს. ასეთ გამოცემებში გამოქვეყნებული განცხადებების წყალობით, შეგექმნებათ აზრი, თუ რა მდგომარეობაა ადგილობრივ სამუშაო ბაზარზე.
სამუშაოს ძებნა მარტივად - მაქს მესმერი