ნაფიქრის ვიზუალურად გადმოცემა ბიზნესმოდელებთან მუშაობის განუყოფელი ნაწილია. ნაფიქრის ვიზუალურად გადმოცემაში ვგულისხმობთ ვიზუალური ინსტრუმენტების, მაგალითად - სურათების, ჩანახატების, დიაგრამებისა და წებოვანი ბარათების გამოყენებას, რათა შევქმნათ ჩანახატები და განვიხილოთ სხვადასხვა საკითხი. იქიდან გამომდინარე, რომ ბიზნესმოდელი ერთმანეთზე დამოკიდებული რამდენიმე მოდულისგან შემდგარი რთული კონცეფციაა, ჩანახატის გარეშე, მისი აღქმა რთულია.
სინამდვილეში, ბიზნესმოდელი არის ერთიანი სისტემა, სადაც ერთი კომპონენტი მეორეზე ახდენს გავლენას; ამ ერთიანობის გარეშე მას აზრი არა აქვს. მთლიანი სურათის დანახვა კი ვიზუალიზაციის გარეშე რთულია. სინამდვილეში, როდესაც ბიზნესმოდელს ვიზუალურად გადმოვცემთ, ჩვენ ნათლად გამოვხატავთ ფარულ ვარაუდებს. ამის ხარჯზე მოდელი უფრო ხელშესახები ხდება და ხელს უწყობს ნათელ მსჯელობასა და ცვლილებებს. ვიზუალური ტექნიკები ბიზნესმოდელს “ხორცს ასხას” და მისი შექმნის პროცესში თანამშრომლობას უწყობს ხელს.
ჩანახატი ბიზნესმოდელს მუდმივ საგნად და კონცეპტუალურ `ღუზად~ გარდაქმნის, ამდენად მასთან მიბრუნება და მსჯელობის გაგრძელება ნებისმიერ დროს შეიძლება. იგი აბსტრაქტულ დიალოგს უფრო კონკრეტულს ხდის და დებატების ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. როგორც წესი, თუ თქვენი მიზანი არსებული ბიზნესმოდელის გაუმჯობესებაა, მისი ვიზუალურად ასახვა ლოგიკურ ხარვეზებს დაგანახვებთ და მათზე მსჯელობაში დაგეხმარებათ. ამის მსგავსად, თუ თქვენ სრულიად ახალ ბიზნესმოდელს ქმნით, მისი დახატვა დაგეხმარებათ, მარტივად განიხილოთ სხვადასხვა ვარიანტი და ნახატზე სურათები დაამატოთ, მოაცილოთ ან გადააადგილოთ.
ბიზნესსუბიექტები უკვე ხშირად იყენებენ ვიზუალურ ტექნიკებს, მაგალითად - დიაგრამებსა და ცხრილებს. ასეთი კომპონენტები გზავნილების განმარტების მიზნით აქტიურად გამოიყენება ანგარიშებსა და გეგმებში. თუმცა, ვიზუალური ტექნიკები ნაკლებად გამოიყენება ბიზნესსაკითხების განხილვის, შესწავლისა და განმარტების დროს. ბოლოს როდის დაესწარით ისეთ შეხვედრას, სადაც ტოპ–მენეჯერები კედელზე ხატავდნენ? მიუხედავად ამისა, ნაფიქრის ვიზუალურად გადმოცემას შეუძლია, უზარმაზარი ღირებულება შესძინოს სტრატეგიულ პროცესს. იგი აბსტრაქტულს კონკრეტულად აქცევს, კომპონენტებს შორის ურთიერთობას გასაგებს ხდის, ამარტივებს რთულს და ამით აძლიერებს სტრატეგიული ანალიზის პროცესს. ამ ნაწილში აღვწერთ, როგორ შეიძლება, ნაფიქრის ვიზუალურად გადმოცემა მოდელების განსაზღვრის, განხილვისა და ცვლილების პროცესში დაგეხმაროთ.
ტექნიკა - ვიზუალური „გრამატიკა“
როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ავტორი: ალექსანდრ ოსტერვალდელი და ივ პენიე