კომპანიები, რომლებსაც ბრენდის ასეთი ტიპის არქიტექტურა აქვთ, ყოველ ახალ პროდუქტს მშობელი, სათავო კომპანიის ძლიერი ბრენდის სახელით წარადგენენ. მშობელი-დომინანტი ბრენდის კარგი მაგალითია კომპანია General Electric (GE). ამ კომპანიისას მაცივარს შეიძენთ, ქურას, მიკროტალღურ ღუმელს
თუ სარეცხ მანქანას, ყიდულობთ General Electric ბრენდს. ამ ბრენდის ლოგოში შეიძლება, განსხვავებული მონოგრამა ან აღნიშვნა იყოს, მაგრამ იცით, რომ ყიდულობთ General Electric-ის ბრენდს, რადგან მშობელი ბრენდი ყოველთვის დომინირებს.
აირჩიეთ მშობელი-დომინანტი ბრენდინგის სტრატეგია, თუ ქვემოთ მოცემული რომელიმე სიტუაცია თქვენს ბიზნესს შეესაბამება:
- თუ თქვენს კომპანიას მოკრძალებული მარკეტინგის დეპარტამენტი და ბიუჯეტი აქვს, შეზღუდული რესურსების გამო, შექმენით ერთი ძლიერი დომინანტი ბრენდი და თითოეული ახალი შეთავაზება ამ ბრენდის მფარველობით და ნიშნით წარადგინეთ. ამით თავიდან აიცილებთ ახალ ბრენდებზე დამატებითი დროის, ადამიანური და მატერიალური რესურსების ხარჯვის აუცილებლობას.
- ყველა თქვენი პროდუქტი ერთი ბიზნესის ბრენდის იმიჯსა და დაპირებას წარმოადგენს. მაგალითად, თუ თქვენი ბრენდი გასცემს დაპირებას – საუკეთესო ხარისხი გამორჩეულ მომხმარებელს, – თქვენ ვერ წარადგენთ პროდუქტს, რომელიც განკუთვნილია ხელმომჭირნეთა სეგმენტისთვის.
- გინდათ ბიზნესბრენდის ღირებულების გაზრდა თქვენი გრძელვადიანი გეგმის შესაბამისად, რათა მოემზადოთ ბიზნესის გაფართოების ან გაყიდვისთვის. მშობელი-დომინანტი ბრენდის პროდუქტები ზრდის მშობელი ბრენდების კაპიტალს.
ბრენდინგი მარტივად - ბილ ჩიარავალე, ბარბარა ფინდლი ჩენქი