გლობალიზაციამ, ინტერნეტმა და ტექნოლოგიურმა განვითარებამ ოპერაციების სხვადასხვა ქვეყნებში გადატანა გამოიწვია. იმ პერიოდისთვის (2000-იანი წლები) წარმოება ძირითადად გადატანილ იქნა ჩინეთში, ხოლო სერვისის ყველაზე მსხვილი გლობალური პროვაიდერი ქვეყანა გახდა ინდოეთი. ყოველივე ხსენებულმა დააყენა მიწოდებათა ჯაჭვის მართვის საჭიროება. მიწოდებათა ჯაჭვი არის მწარმოებელთა და სერვისის მომწოდებელთა ქსელი, რომლებიც ერთად მუშაობენ, მომხმარებლისთვის პროდუქტის/სერვისის შესაქმნელად. ამ ქსელის წევრები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან ფიზიკური, ინფორმაციული და ფულადი ნაკადებით, შესაბამისად, მიწოდებათა ჯაჭვის მართვა არის ინფორმაციის, პროდუქციის და სერვისების დინების მართვა მომხმარებლებს, ორგანიზაციებსა და მოწოდებათა ჯაჭვის პარტნიორებს შორის. ეს არის მიწოდების ჯაჭვის აქტივობების და ურთიერთობების აქტიური მენეჯმენტი, რათა გაიზარდოს ფასეულობა მომხმარებლისთვის და მიღწეულ იქნას მაღალი კონკურენტუნარიანობა. მიწოდების ჯაჭვის ტერმინოლოგია: Upstream – აქტივობები ან ფირმები არსებული მოწინავე პოზიციაზე მიწოდების ჯაჭვში. Downstream – აქტივობები ან ფირმები მიწოდების ჯაჭვის შემდგომ საფეხურებზე. პირველი რანგის მომწოდებელი – მომწოდებელი რომელიც პირდაპირ აწვდის პროდუქციასა თუ სერვისს ფირმას. მეორე რანგის მომწოდებელი – მომწოდებელი რომელიც აწვდის პროდუქციასა თუ სერვისს ფირმის პირველი რანგის მომწოდებელს.
სტრუქტურული და ინფრასტრუქტურული ელემენტები
სტრუქტურული ელემენტებია: ხელშესახები რესურსები, როგორიცაა შენობები, მოწყობილობები და ინფორმაციული ტექნოლოგიები. როგორც წესი, სტრუქტურული ელემენტები მოითხოვს დიდ კაპიტალურ ინვესტიციებს. მათი მაღალი ღირებულებისა და ნაკლები მოქნილობის (Flexibility) გამო, სტრუქტურული ელემენტები ბიზნესში შესაბამისად მუდმივობით ხასიათდება და მათი შეცვლა ნაკლები სიხშირით ხდება.
ინფრასტრუქტურული ელემენტებია: ადამიანური რესურსი, სტანდარტული პროცედურები, გადაწყვეტილებების მიღების წესები და ორგანიზაციული სტრუქტურა. ინფრასტრუქტურული ელემენტები, სტრუქტურულისგან განსხვავებით, არ არის ხელშესახები, თუმცა მათი მნიშვნელობა ორგანიზაციისთვის თანაბარია.
უნივერსიტეტის მაგალითზე, სტრუქტურულ ელემენტებს შეიძლება მოიცავდეს საკლასო ოთახები, ლაბორატორიები, საერთო საცხოვრებელები და სპორტული ობიექტები. ხოლო ინფრასტრუქტურული ელემენტებია ადამიანები, რომლებიც მართავენ სასწავლო და ადმინისტრაციულ პროცესებს და ქმნიან უნივერსიტეტის პოლიტიკას (მაგალითისთვის, სტუდენტების მიღების, სილაბუსის შედგენის, სტიპენდიების გაცემის და სხვა).
ბიზნესის წარმატებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ორივე ელემენტის შეთანხმებული მუშაობა. ერთის მხრივ ბიზნესს აქვს ფუნქციური მაღალი ღირებულების მქონე რესურსები და მეორეს მხრივ გადაწყვეტილებები, როგორ უნდა განხორციელდეს მოცემული რესურსის მართვა. სწორედ ამ რესურსების - ორივე ელემენტის - შეთანხმებულად და ეფექტიანად მართვისთვის არსებობს ბიზნესის სტრატეგია.