მოემზადეთ ბიზნესმოდელის წარმატებული პროექტის შესაქმნელად

საქმიანობა

წარმატებისთვის სასიცოცხლო ფაქტორები

ძირითადი საფრთხეები

პირველ ეტაპზე მთავარი საქმიანობა პროექტის ამოცანების ჩამოყალიბებას, წინასწარი იდეების შეფასებას, პროექტის დაგეგმვასა და გუნდის ჩამოყალიბებას უკავშირდება.

ამოცანების ჩამოყალიბება სხვადასხვა პროექტში განსხვავებულად ხდება, თუმცა ამ ეტაპზე, როგორც წესი, განისაზღვრება პროექტის მიზანი, მის ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობის ფარგლები და მთავარი ამოცანები. საწყისი გეგმა უნდა მოიცავდეს პროექტის საწყის ეტაპებს, კერძოდ: მობილიზების, გააზრებისა და დაპროექტების ეტაპებს, დანერგვისა და მართვის ეტაპები კი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული პირველი სამი ეტაპის შედეგზე, კერძოდ - ბიზნესმოდელის მიმართულებაზე. შესაბამისად, მათი დაგეგმვა მხოლოდ მოგვიანებით ხდება შესაძლებელი.

პირველი ეტაპის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობა პროექტის გუნდის ჩამოყალიბებასა და შესაფერის ადამიანებთან და ინფორმაციასთან წვდომის მოპოვებას უკავშირდება. იმის გათვალისწინებით, რომ იდეალური გუნდის მომზადების წესები არ არსებობს, კარგი იქნება, თუ გუნდს ისეთი ადამიანებით დავაკომპლექტებთ, რომლებიც კარგად იცნობენ მოცემულ ინდუსტრიას, აქვთ მართვის გამოცდილება, ახალი იდეები, სასარგებლო პირადი კავშირები და მონდომება, შეცვალონ ბიზნესმოდელი. შეგიძლიათ, მობილიზების ეტაპზე რაიმე წინასწარი ბიზნესიდეის შეფასებით დაიწყოთ. თუმცა, ეს სათქმელად ადვილია, გასაკეთებლად კი – რთული, რადგან ბიზნესიდეის პოტენციალი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სწორი ბიზნესმოდელის შერჩევაზე. თავდაპირველად ვინ იფიქრებდა, რომ „სკაიპი“ საერთაშორისო ზარების მიმართულებით მსოფლიოს ლიდერი გახდებოდა?

ნებისმიერ შემთხვევაში, ბიზნესმოდელის პროექტზე მუშაობისას, თქვენ დაგჭირდებათ ბიზნესმოდელის ტილო, რომელიც გუნდისთვის ერთგვარი უნივერსალური ენა გახდება. იგი თქვენი წინასწარი იდეების უფრო ეფექტიანად ჩამოყალიბებასა და წარდგენაში დაგეხმარებათ და გააუმჯობესებს გუნდის წევრებს შორის კომუნიკაციას. თუ გსურთ, ბიზნესმოდელთან დაკავშირებული იდეები გამოსცადოთ, შეგიძლიათ, ისინი ამბებად აქციოთ.

მობილიზების ეტაპზე ადამიანები ხშირად, ბიზნესმოდელის საწყისი იდეების პოტენციალს გაზვიადებულად აფასებენ რაც, ცხადია, სახიფათოა. ასეთ შემთხვევაში, გუნდის წევრები ფიქრისას იზღუდებიან და სხვა შესაძლებლობებს სათანადოდ აღარ იკვლევენ. რისკის შესამცირებლად, გამოცადეთ ახალი იდეები სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან. ასევე შეგიძლიათ, ეგრეთ წოდებული kill/thrill სესია მოაწყოთ, რომლის დროსაც ყველა მონაწილე პირველი 20 წუთის განმავლობაში იმსჯელებს იმაზე, თუ რა მიზეზებით არ გაამართლებს იდეა (kill), ხოლო შემდეგი 20 წუთის განმავლობაში განიხილავს მიზეზებს, რომლის გამოც იდეა გამართლებულია (thrill). შედეგად, შეგიძლიათ შეაფასოთ, რამდენად ღირებულია კონკრეტული იდეა.