ბიზნესმოდელის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, ძირითადი საქმიანობა, ასახავს კომპანიის საქმიანობას, რომელიც ბიზნესმოდელის განსახორციელებლადაა საჭირო.
თითოეული ბიზნესმოდელი განსაზღვრული რაოდენობის ძირითად საქმიანობას მოიცავს. კომპანიის ფუნქციონირებისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ქმედებებია. ძირითადი რესურსების მსგავსად, ძირითადი საქმიანობა ფასეული შეთავაზების შესაქმნელად და წარმოსადგენად, ბაზარზე დასამკვიდრებლად, მომხმარებლებთან ურთიერთობის შესანარჩუნებლად და მოგების მისაღებად აუცილებელი კომპონენტია. ძირითადი საქმიანობა ბიზნესმოდელის ტიპის მიხედვით განსხვავდება.
„მაიკროსოფტისთვის“ ძირითადი საქმიანობა პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაა, „დელისთვის“ - მიწოდების ჯაჭვის მართვა, საკონსულტაციო კომპანია „მაკენზისთვის“ კი - კლიენტების პრობლემების გადაჭრა.
რა ძირითად საქმიანობას ეყრდნობა ჩვენი ფასეული შეთავაზება, მიწოდების არხები, მომხმარებლებთან ურთიერთობა და შემოსავლის წყაროები?
ძირითადი საქმიანობა შემდეგნაირად შეიძლება დაჯგუფდეს:
წარმოება
ეს საქმიანობა საჭირო რაოდენობით და/ან საუკეთესო ხარისხის პროდუქტის შექმნასთან და ბაზარზე მიწოდებასთან არის დაკავშირებული. მწარმოებელი კომპანიების ბიზნესმოდელებში საქმიანობის ეს ტიპი დომინირებს.
პრობლემის გადაჭრა
ამ ტიპის ძირითადი საქმიანობა ცალკეულ მომხმარებელთა პრობლემების ოპტიმალურად გადაჭრასთან არის დაკავშირებული. საკონსულტაციო კომპანიებში, სამედიცინო კლინიკებსა და სერვისის მიმწოდებელ სხვა ორგანიზაციებში პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებული საქმიანობა დომინირებს. მათი ბიზნესმოდელები ცოდნის მართვა-გამოყენებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერებისკენ არის მიმართული.
პლატფორმა/ქსელი
ისეთ ბიზნესმოდელებში, სადაც წამყვანი რესურსი პლატფორმაა, ძირითადი საქმიანობა პლატფორმასთან ან ქსელთან არის დაკავშირებული. ქსელებს, კომერციულ პლატფორმებს, პროგრამულ უზრუნველყოფასა და ბრენდებსაც კი შეუძლია პლატფორმის ფუნქციის შესრულება. „იბეის“ ბიზნესმოდელისთვის საჭიროა, კომპანიამ მუდმივად განავითაროს და შეინარჩუნოს თავისი პლატფორმა ვებგვერდ eBay.com-ის სახით. „ვიზას“ ბიზნესმოდელი მოითხოვს ისეთ საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია მოვაჭრეების, მომხმარებლებისა და ბანკებისთვის განკუთვნილი „ვიზას“ საკრედიტო ბარათების საოპერაციო პლატფორმასთან. „მაიკროსოფტის“ ბიზნესმოდელი მოითხოვს სხვა პროგრამული უზრუნველყოფისა და „ვინდოუსის“ საოპერაციო სისტემის სინქრონიზებულ მართვას. ამ კატეგორიის ძირითადი საქმიანობა დაკავშირებულია პლატფორმის მართვასთან, სერვისის უზრუნველყოფასა და პლატფორმის პოპულარიზაციასთან.
როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ავტორი: ალექსანდრ ოსტერვალდელი და ივ პენიე