ბიზნესი ყოველდღიურად იზრდება და ფართოვდება, ჩნდება ახალი პროდუქტი, ინტერნეტის წყალობით გარემო ბევრად კონკურენტული გახდა და ეს ყველაფერი ბრენდების არსებობას სულ უფრო აუცილებელს ხდის. ქვემოთ ჩამოთვლილია ბრენდინგის აქტუალობის რამდენიმე მიზეზი:
ბრენდები უზრუნველყოფს შემოსავლებს. დღეს ბაზარი გაჯერებულია მრავალფეროვანი პროდუქტით, არჩევანი ფართოა, ამიტომ მომხმარებელი ირჩევს და მაღალ ფასს იხდის მხოლოდ იმ პროდუქტში, რომელსაც იცნობს, ენდობა და დარწმუნებულია მისი მომწოდებლის სხვასთან შედარებით მაღალ ღირებულებაში. თუკი მომხმარებელი ფიქრობს, რომ ყველა შეთავაზებული პროდუქტი პრაქტიკულად ერთნაირია და ერთი მეორეზე რაიმეთი უკეთესი ან განსაკუთრებული სულაც არ არის, ის ყველაზე ხელმისაწვდომსა და იაფს აირჩევს. ეს არის მოგების შემაფერხებელი რეალობა, რასაც მარკეტერები ყოველთვის გაურბიან.
- ბრენდები განაპირობებს მომხმარებლის არჩევანს. დღეს, პირველად ვაჭრობის ისტორიაში, შესაძლებელი გახდა პროდუქტის ყიდვა გეოგრაფიული შეზღუდვების გარეშე. მომხმარებელს შეუძლია, ინტერნეტის საშუალებით შეიძინოს პროდუქტი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. რამდენიმე დაწკაპებით და ერთი-ორი სტრიქონის დაწერით ადამიანები ირჩევენ იმ სახელწოდების პროდუქტს, რომელსაც იცნობენ და ენდობიან. ამ უკიდეგანო ბაზარს ბრენდები მართავს, „უცნობი“ მწარმოებლების პროდუქცია კი თავის გადარჩენაზე ფიქრობს.
- ბრენდები უზრუნველყოფს სახელის ცნობადობას. გასაგები მიზეზების გამო ახალი ბიზნესები და პროდუქტები ბაზარზე გამოგონილი სახელებით შემოდის, ნაცვლად იმისა, რომ ნაცნობი სიტყვები გამოიყენოს. ეს, ერთი მხრივ, იმით აიხსნება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე სამ მილიონზე მეტი სასაქონლო ნიშანია დარეგისტრირებული. ამიტომ მარკეტერებს, რომლებსაც ახალი ბრენდის სახელის დაცვა უნდათ, წარმატებისთვის ახალი სიტყვების გამოგონება სჭირდებათ. მეორე მიზეზია ის, რომ ინგლისურ სიტყვათა 99% უკვე გამოყენებულია ინტერნეტმისამართებად. შესაბამისად, მარკეტერები რთული ამოცანის წინაშე დგანან. შედეგად, ახალი ბრენდების უმეტესობას სახელები გამოგონილი სიტყვებით ერქმევა, რაც ბრენდის უფრო გულმოდგინე განვითარებას საჭიროებს, რათა მომხმარებლის ცნობიერებასა და მეხსიერებაში შეაღწიოს.
- ბრენდები ზრდის ბიზნესის გადარჩენის შანსებს. ბაზარზე უსწრაფესად ჩნდება ახალ-ახალი ბიზნესი და პროდუქტები. მაგრამ მათგან მხოლოდ ის ბრენდები შეძლებს ბაზარზე მყარად დამკვიდრებას და მომხმარებლის გულსა და გონებაში შეღწევას, რომლებსაც, ამ სიჩქარის მიუხედავად, ძლიერი ბრენდინგი და ამ გზით მოპოვებული უპირატესობები ექნება.
ბრენდინგი მარტივად - ბილ ჩიარავალე, ბარბარა ფინდლი ჩენქი