ოპერაციათა ფუნქცია, იგივე ოპერაციები, არის ადამიანების, ტექნოლოგიებისა და სისტემების ერთობლიობა ორგანიზაციაში, რომლებიც არიან პასუხისმგებელი კომპანიის პროდუქტის/სერვისის შექმნაზე. შესაბამისად ის მართავს ადამიანებს, ტექნოლოგიებს, აღჭურვილობებს, ინფორმაციას, მატერიალურ რესურსებს და აწარმოებს საქონელს და/ან მომსახურებას. ბევრ კომპანიაში ის სხვადასხვა დეპარტამენტებს მოიცავს: ადამიანური რესურსის მართვის, წარმოების, ხარისხის მართვის, საინჟინრო, შესყიდვებისა და სხვა სამსახურები. ხშირად ოპერაციათა განყოფილება ცალკე დეპარტამენტად შეიძლება არ არსებობდეს კომპანიაში, თუმცა ეს არ გულისხმობს, რომ კომპანიაში არ არის ოპერაციათა ფუნქცია.
ოპერაციული მენეჯერის ფუნქციებში შედის: კომპანიის შემადგენელ სხვადასხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა, მათგან სათანადო ინფორმაციის მოპოვება, მიღებული ინფორმაციის დამუშავება და შემდგომ ამა თუ იმ საკითხზე კომპანიის ინტერესების ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღება.
ოპერაციული მენეჯერი თანამშრომლობს და აქვს მუდმივი კომუნიკაცია ფინანსურ-ბუღალტრულ დეპარტამენტთან, მარკეტინგის დეპარტამენტთან, ადამიანური რესურსების განყოფილებასთან, კომპანიის გარე მომწოდებლებთან და ყველა იმ მნიშვნელოვან რგოლთან, რომელთა სამუშაოებს პირდაპირი გავლენა აქვს კომპანიის წარმატებულ და გამართულ საქმიანობაზე.