ლურჯი ოკეანის სტრატეგიის პირველი პრინციპი კონკურენციის სამყაროდან გაღწევისა და ლურჯი ოკეანის შექმნის მიზნით ბაზრის საზღვრების რეკონსტრუქციაში მდგომარეობს. ამ პრინციპის მიზანია ძიების რისკების მინიმიზება, რომელთა წინაშეც მრავალი კომპანია აღმოჩნდება ხოლმე. ყველაზე უფრო რთულია უამრავი ვარიანტიდან ლურჯი ოკეანის კომერციულად მოგებიანი შესაძლებლობების გამოყოფა. სწორედ ესაა ძირითადი ამოცანა, რადგან მენეჯერები ვერ აჰყვებიან კარტის მოთამაშის აზარტს და ფსონს მხოლოდ ინტუიციისა და იღბლის იმედად ვერ დადებენ.
კვლევის მსვლელობისას ჩვენ იმის გარკვევას შევეცადეთ, არსებობს თუ არა ლურჯი ოკეანის შექმნის მიზნით ბაზრის საზღვრების რეკონსტრუქციის რაიმე ტიპური შაბლონები. თუ არსებობს, უნდა დაგვედგინა, გამოსადეგია თუ არა ისინი ყველა დარგისთვის _ სამომხმარებლო თუ სამრეწველო საქონლით დაწყებული და ფინანსებისა თუ მომსახურების, ტელეკომუნიკაციისა თუ საინფორმაციო ტექნოლოგიების, ფარმეცევტიკისა თუ В2В-სფეროებით დამთავრებული - თუ თითოეული შაბლონი მხოლოდ კონკრეტულ დარგს შეეფერება.
ჩვენ დავადგინეთ ლურჯი ოკეანის შესაქმნელი მკაფიო შაბლონები. უფრო ზუსტად, აღმოვაჩინეთ ბაზრის საზღვრების რეკონსტრუირებისადმი ექვსი ძირითადი მიდგომა, რასაც ექვსი გზის მოდელი ვუწოდეთ. ეს გზები ყველა დარგში გამოიყენება და მათი საშუალებით კომპანიები ლურჯი ოკეანის კომერციულად მოგებიან იდეებს აგნებენ. არც ერთ ამ გზას არ სჭირდება რაიმე განსაკუთრებული ხედვა ან მომავლის განჭვრეტის უნარი. თითოეული მათგანი გამიზნულია უკვე არსებული მონაცემების იმგვარად განსახილველად, რომ შესაძლებელი გახდეს ახალი პერსპექტივის დანახვა. ეს გზები ეჭვქვეშ აყენებს ძალიან ბევრი კომპანიის სტრატეგიების საფუძველში ჩადებულ ექვს ძირითად ვარაუდს. ეს ექვსი ვარაუდი, რომლებზეც მრავალი ორგანიზაციის სტრატეგია იგება, კომპანიებს წითელ ოკეანეებში გამეფებული კონკურენციის ჩარჩოებიდან გაღწევის საშუალებას არ აძლევს. უფრო კონკრეტულად, კომპანიები დგამენ შემდეგ ნაბიჯებს:
რაც უფრო მეტად ენდობიან კომპანიები კონკურენციის მეთოდებთან დაკავშირებულ ტრადიციულ, საერთო მოსაზრებებს, მით უფრო ურთიერთმსგავსი ხდება მათი ბრძოლის საშუალებები.
ლურჯი ოკეანეებიდან თავის დასაღწევად, კომპანიებმა უნდა დაანგრიონ კონკურენციის დამკვიდრებულ მეთოდებზე გამავალი საყოველთაოდ მიღებული საზღვრები. ამ ფარგლებში მოქმედების ნაცვლად, მენეჯერებმა, ლურჯი ოკეანეების შექმნისას, სულ უფრო ხშირად უნდა გაიხედონ ზღვრებს მიღმა. მათ უნდა გადახედონ ალტერნატიულ დარგებს, სხვა სტრატეგიულ ჯგუფებს, მომხმარებელთა ჯგუფებს, დამატებით პროდუქტებსა თუ სერვისებს და დარგის ფუნქციურ-ემოციურ ორიენტაციას. გასათვალისწინებელია დროის ფაქტორიც. ასეთი მიდგომის გამოყენებით კომპანია მკაფიოდ განსაზღვრავს, როგორ შეცვალოს საბაზრო რეალიები ლურჯი ოკეანის აღმოსაჩენად. მოდი, შევხედოთ, რას წარმოადგენს ეს ექვსი გზა.
ლურჯი ოკეანის სტრატეგია - ჩან კიმი; რენე მობორნი