ინოვაციური ბიზნეს იდეა ხშირად ჩნდება გარკვეულ პროცესებსა და ადამიანების საჭიროებებზე დაკვირვებით. მაგალითისათვის განვიხილოთ კომპანია Uber: კომპანიის მთავარ ბიზნესს წარმოადგენს ტაქსის გამოძახების აპლიკაცია, რომლის მძღოლი შესაძლოა გახდეს ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ჰყავს საკუთარი მანქანა. Uber-ის უნიკალურობა მდგომარეობს 2 რამეში. პირველი - კომპანიამ შეამჩნია, რომ ტაქსის გამოძახებისათვის ადამიანს ძალიან დიდი დისკომფორტი ექმნება ქუჩაში ლოდინით, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც არის ცუდი ამინდი, გვიანი ღამე, შედარებით ნაკლებად დასახლებული უბანი და ა.შ. მეორე მხრივ კი მძღოლებს ჰქონდათ პრობლემა კლიენტების ადვილად პოვნასთან დაკავშირებით - მძღოლს შესაძლოა რამდენიმე კილომეტრი ევლო ისე, რომ არ სცოდნოდა სად იდგა რეალურად ის ადამიანი, რომელიც ტაქსის ელოდება. კომპანია „Uber“-მა შეამჩნია, რომ ერთის მხრივ ადამიანს, რომელსაც სჭირდება ტაქსი, მეორეს მხრივ კი მძღოლს, რომელსაც სჭირდება კლიენტი, იმდენად მნიშვნელოვანი პრობლემა აქვთ მოუგვარებელი, რომ შესაბამისი მომსახურების არსებობის შემთხვევაში ორივე მხარე გადაიხდიდა გარკვეულ საფასურს კომფორტისათვის. შედეგად, კომპანიამ აღნიშნული პრობლემა მობილური აპლიკაციის საშუალებით მოაგვარა. გარდა ამისა, „Uber“-ს კიდევ უფრო უნიკალურს ხდის ის, რომ მისი სერვისით სარგებლობისათვის არ არის საჭირო, რომ მძღოლს ჰქონდეს ტაქსის მომსახურების გაწევის ოფიციალური, სახელმწიფო ლიცენზია. „Uber“-თან პარტნიორობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ჰყავს საკუთარი ავტომობილი. სწორედ ამ ორი ბიზნეს შესაძლებლობის შემჩნევის შედეგად გახდა Uber ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური კომპანია გლობალურ ბაზარზე. თუმცა აქ მეორე საკითხია საგულისხმო, არის თუ არა „Uber“- რევოლუციური ინოვაცია ? „Uber“-ის მისიაა - bring transportation — for everyone, everywhere/ ტრანსპორტირება ყველასთვის და ყველგან. სტარტაპი 2009 წელს შეიქმნა, მას შემდეგ ის 60 ქვეყნის 100-ზე მეტ ქალაქში მოღვაწეობს და ყოველწლიურად იზრდება. მისი ფინანსური შემოსავალიც შთამბეჭდავია, 2018 წელს მათი შემოსავლის პროგნოზი 50 მილიარდი დოლარია. ერთი შეხედვით უბერი ცვლის ტაქსის ბიზნესს ამერიკაში, მაგრამ ახდენს თუ არა ის ტაქსის ბიზნესის „გადატრიალებას“/ disrupting ?
მარტივად რომ შევხედოთ, „Uber“-ის გამოჩენამ გაზარდა მოთხოვნა ტაქსის მომსახურებაზე, ტაქსის ბაზარი მანამდეც არსებობდა, თუმცა „Uber“-ის გამოჩენით გამარტივდა მომსახურების მიღება. მან დაიწყო მასიური ბაზრის დაპყრობით და ახლა მცირე სეგმენტებზე მორგებულ პროდუქტს ქმნის. ხოლო Disrupting ინოვაცია ჩნდება მაშინ, როდესაც კომპანია იწყებს მცირე სეგმენტებისთვის სასურველი პროდუქტის მიწოდებას და მხოლოდ შემდგომ ითვისებს ბაზარს.
რევოლუციური ინოვაციის ჭკვიანი ავტორები, მუდმივად მუშაობენ მის განვითარებაზე, იმისათვის რომ შექმნილი პროდუქტი გახდეს მასობრივი. მსგავსი ინოვაციის, მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ Iphone, რომლის შემქმნელებმაც შექმნეს სრულიად განსხვავებული პროდუქტი, თავისი პროგრამული უზრუნველყოფით, შექმნეს ბაზრის სეგმენტი სმარტფონისთვის, რაც მანამდე არსებული ტელეფონების ბაზრისგან რადიკალურად განსხვავდებოდა.