თქვენი, როგორც მარკეტოლოგის, ერთ­ერთი საუკეთესო ნაბიჯი საკუთარი ძლიერი მხარეების აღმოჩენაა. სწორედ მათზე უნდა დააფუძნოთ ყველაფერი, რათა შემდეგ აუდიტორიისთვის მეტი ყურადღების მიქცევა და მარკეტინგული პროგრამის მამოძრავებელი ძალის, ანუ იმპულსის გაზრდა შეძლოთ. ამისთვის საჭიროა, ყოველთვის იფიქროთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ მომხმარებლისთვის (ნუ აღელდებით, თუ ჯერ ამას ვერ ახერხებთ) და დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებთ, თქვენს ძლიერ მხარეებს ეფუძნება. მაგალითად, წარმოიდგინეთ, თითქოს მომხმარებლები ამბობენ, რომ თქვენი ფასი არ არის იმდენად ხელსაყრელი, როგორიც თქვენი ძლიერი კონკურენტებისა; ამასთან, თავადაც გრძნობთ, რომ თქვენი ბრენდი ჯერ ძალიან ცნობილი არ არის. ეს, რასაკვირველია, ცუდია, მაგრამ კარგი ის არის, რომ თქვენი მომხმარებლები ერთგულნი არიან, რადგან მათ მოსწონთ თქვენი პროდუქტი და მომსახურება. ასეთ ვითარებაში უნდა დაეყრდნოთ ამ ძალას და შექმნათ ერთგულ მომხმარებელთა მოზიდვის პროგრამა, მოიწვიოთ და დააჯილდოოთ რეკომენდატორები, თქვენს მარკეტინგულ და ვებსაიტზე განთავსებულ მასალებში გაითვალისწინოთ მათი რეკომენდაციები, რაც უდავოდ დაგეხმარებათ ნაკლოვანებათა აღმოფხვრაში (თქვენი საქმიანობის ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ თქვენი პროდუქტი შედარებით ძვირია და არცთუ ცნობილი).

წარმოაჩინეთ თქვენი ძლიერი მხარეები მკაფიოდ და ლაკონიურად – განსაზღვრეთ თქვენი ძალა თუ უპირატესობა. მოიმარჯვეთ ფურცელი და კალამი და დაიწყეთ წინადადება ასე: „ჩემი პროდუქტი (ან მომსახურება) არის განსაკუთრებული, რადგან...“ ერთი წუთი იფიქრეთ იმაზე, რით არის თქვენი ფირმა ან პროდუქტი განსაკუთრებული და რით მოხიბლა (ან უნდა მოხიბლოს) მან მომხმარებელი. შემდეგ დაფიქრდით, უშუალო ურთიერთობისას ესაუბრებით თუ არა მომხმარებელს თქვენი პროდუქტის/მომსახურების ძლიერ მხარეებზე და აჩვენებთ თუ არა ამას ვიზუალურად.

მარკეტინგი მარტივად - ალექსანდრ ჰაიმი