არსებული ბიზნესმოდელების მონახაზის შექმნა და ახალი და ინოვაციური ბიზნესმოდელის შემუშავება - განსხვავებული პროცესებია. იდეების ჩამოყალიბების პროცესი ბევრი იდეის შემუშავებასა და მათ შორის საუკეთესოთა არჩევას მოითხოვს, შესაბამისად, ამ დროს შემოქმედებითი მიდგომაა საჭირო. ახალი ეფექტიანი ბიზნესმოდელების შესაქმნელად აუცილებელია, რომ კარგად დაეუფლოთ იდეების ჩამოყალიბების პროცესს.
ტრადიციულად, ინდუსტრიების უმეტესობაში დომინანტურ ბიზნესმოდელს შეხვდებოდით. სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. დღეს ბიზნესმოდელის შექმნისას მეტი არჩევნის ფუფუნება გვაქვს. შესაბამისად, ერთ ბაზარზე განსხვავებული ბიზნესმოდელების მქონე ბევრი სხვადასხვა კომპანია უწევს ერთმანეთს კონკურენციას. ამასთანავე, იშლება ინდუსტრიებს შორის არსებული საზღვრები.
ახალი ბიზნესმოდელის იდეების ჩამოყალიბების პროცესში ერთ-ერთი პრობლემა - სტატუს-ქვოსა და ოპერაციული საკითხების იგნორირებაა.
ინოვაციური ბიზნესმოდელირების დროს არ უნდა დავიწყოთ წარსულში ძიება, რადგან იგი ცოტას გვეუბნება იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია მომავალში. ამავე დროს, არ უნდა ვუყუროთ იმას, რას აკეთებენ კონკურენტები, რადგან ეს პროცესი არ გულისხმობს სხვების მიბაძვას ან სტანდარტებში მოქცევას. ინოვაციური ბიზნესმოდელირება გულისხმობს ახალი მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ღირებულების შექმნას და შემოსავლის მიღებას ემსახურება. იგი ასევე მოიცავს აღიარებული პრაქტიკის შემოწმებას, რათა შევძლოთ ისეთი უნიკალური მოდელების შექმნა, რომლებიც მომხმარებლების ჯერ კიდევ უპასუხოდ დარჩენილ, ახალ ან დაფარულ საჭიროებებს აკმაყოფილებს.
ახალი ან უკეთესი ბიზნესმოდელების შემუშავებისთვის საჭიროა ბევრი იდეის ჩამოყალიბება, რომელთა რაოდენობასაც მოგვიანებით შეამცირებთ. აქედან გამომდინარე, იდეების ჩამოყალიბების პროცესს ორი ძირითადი ფაზა აქვს: იდეების ჩამოყალიბების ფაზა, როდესაც უპირატესობა რაოდენობას ენიჭება, და სინთეზის ფაზა, როდესაც ხდება იდეების განხილვა, გაერთიანება და მათი რაოდენობის შემცირება. არ არის აუცილებელი რევოლუციური იდეების მოფიქრება. მაგალითად, შეიძლება ისეთი ინოვაციების მოფიქრებაც, რომლებიც არსებულ ბიზნესმოდელს აფართოებს და ამით კომპანიის კონკურენტუნარიანობას აუმჯობესებს
ინსტრუმენტი - ინოვაციების ეპიცენტრები
ინსტრუმენტი - „რა იქნება რომ“ - კითხვები
როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ავტორი: ალექსანდრ ოსტერვალდელი და ივ პენიე