კომპანიები დიდ ინვესტიციებს დებენ ბაზრის კვლევაში, თუმცა ხშირად ყველაფერი იმით სრულდება, რომ პროდუქტების, სერვისებისა და ბიზნესმოდელების შექმნისას ისინი მომხმარებელთა შეხედულებებს უგულებელყოფენ. კარგი ბიზნესმოდელის შესაქმნელად, მომხმარებლების თვალით მისი დანახვაა აუცილებელი. ასეთი მიდგომით კომპანიას სრულიად ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა შეუძლია. ეს არ ნიშნავს, რომ მომხმარებელთა გადმოსახედიდან ფიქრი ინოვაციური ინიციატივის წამოწყების ერთადერთი საშუალებაა. თუმცა, ბიზნესმოდელის შეფასებისას მომხმარებელთა შეხედულებების გათვალისწინება აუცილებელია. წარმატებული ნოვატორობა მომხმარებლების სიღრმისეულად შესწავლას მოითხოვს. საჭიროა ვიცოდეთ გარემო, რომელშიც მომხმარებლები ცხოვრობენ, მათი ყოველდღიური ყოფა, საზრუნავი და მისწრაფებები.
ამ მხრივ, „ეფლის“ „აიპოდის“ მუსიკალური მოწყობილობა კარგი მაგალითია. „ეფლი“ მიხვდა, რომ ხალხს არა ციფრული მუსიკალური მოწყობილობები, არამედ ციფრული კონტენტის, მათ შორის მუსიკის, შეუფერხებლად მოძიება, ჩამოტვირთვა და მოსმენა სურდა და მზად იყო, შესაბამისი შეთავაზებისთვის ხარჯი გაეღო. „ეფლის“ ასეთი შეხედულება უნიკალური იყო, რადგან იმ დროს მსმენელები მუსიკას არალეგალურად მოიპოვებდნენ და ბევრ კომპანიას ეჭვი ეპარებოდა, რომ ვინმე ციფრულ მუსიკაში ფულს გადაიხდიდა. „ეფლმა“ უგულებელყო ასეთი შეხედულება და მომხმარებლებს საუცხოო შეთავაზება წარუდგინა, რომელიც „აითუნსის“ პროგრამულ უზრუნველყოფას, მის ონლაინმაღაზიასა და „აიპოდის“ მუსიკალურ მოწყობილობას აერთიანებს. ეს ფასეული შეთავაზება „ეფლის“ ბიზნესმოდელის არსს წარმოადგენს. მისი საშუალებით, კომპანია ციფრული მუსიკის ბაზრის ლიდერი გახდა.
მთავარი ამოცანა მომხმარებლების სრულყოფილად შესწავლაა, რაც შემდგომ ბიზნესმოდელთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების საფუძველი ხდება. მომხმარებლების შესახებ ცოდნის ჩამოყალიბების მიზნით, პროდუქტებისა და სერვისების შექმნის პროცესში რამდენიმე წამყვანი კომპანია სოციალურ მეცნიერებთან მუშაობს.
ბევრ წამყვან სამომხმარებლო კომპანიას ტოპ–მენეჯერები მომხმარებლებთან შესახვედრად, გაყიდვების გუნდებთან დასალაპარაკებლად და სავაჭრო ადგილების მოსანახულებლად დაჰყავს. სხვა ინდუსტრიებში - მაგალითად, იქ, სადაც დიდი კაპიტალდაბანდებები ხორციელდება, მომხმარებლებთან საუბარი ყოველდღიურობის ნაწილია. თუმცა, ბიზნესმოდელირების ინოვაციის მთავარი ამოცანა - არა მომხმარებლებელთა სურვილების გამოკითხვა, არამედ მათი სიღრმისეულად შესწავლაა.
<aside> 💡 ჰენრი ფორდმა, როგორც პიონერმა ავტომწარმოებელმა, ერთხელ თქვა: „ჩემი მომხმარებლებისთვის რომ მეკითხა, რა სურთ, ისინი მიპასუხებდნენ - „უფრო სწრაფი ცხენიო“.
</aside>
კომპანიისთვის ერთ-ერთი ამოცანა - სწორი მომხმარებელთა სეგმენტის შერჩევაა. ნოვატორები უნდა ერიდონ ყურადღების მხოლოდ არსებულ მომხმარებელთა სეგმენტებზე გამახვილებას და ახალი, ჯერ კიდევ მიუწვდომელი სეგმენტების მოზიდვა დაისახონ მიზნად. რამდენიმე ინოვაცია წარმატებული ზუსტად იმიტომ აღმოჩნდა, რომ მომხმარებლების ახალი საჭიროებები დააკმაყოფილა. მაგალითად, „სტელიოს ჰაჯი-იანუსის“ „იზიჯეტის“ საშუალებით, საჰაერო მგზავრობა ხელმისაწვდომი გახდა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მომხმარებლებისთვის, რომლებიც იშვიათად დაფრინავდნენ. „ზიპკარმა“ ქალაქის მცხოვრებლებს ავტომანქანის ფლობასთან დაკავშირებული დისკომფორტი აარიდა თავიდან: წლიური გადასახადის სანაცვლოდ, მომხმარებლებს მანქანის საათობრივად ქირაობა შეუძლიათ. ორივე მაგალითი, მოქმედ მოდელებთან ახლოს მდგომ მომხმარებლებზეა აგებული: ტრადიციული საჰაერო მგზავრობა და მანქანების ტრადიციულად გაქირავება.
როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ავტორი: ალექსანდრ ოსტერვალდელი და ივ პენიე