პროტოტიპი ძლიერი ინსტრუმენტია ახალი, ინოვაციური ბიზნესმოდელების შესაქმნელად. ნაფიქრის ვიზუალურად გადმოცემის მსგავსად, იგი ხელშესახებს ხდის აბსტრაქტულ კონცეფციებს და ხელს უწყობს ახალი იდეების კვლევას. პროტოტიპს დაპროექტებასა და საინჟინრო დისციპლინებში ჩაეყარა საფუძველი, იგი ფართოდ გამოიყენება არქიტექტურაში, ისევე, როგორც პროდუქტის შექმნისა და ურთიერთკავშირების ჩამოყალიბების დროს. მას ნაკლებად იყენებენ ბიზნესის მართვის სფეროში ორგანიზაციული და სტრატეგიული ამორფულობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ პროტოტიპები დიდი ხნის განმავლობაში გარკვეულ როლს ასრულებდა იქ, სადაც ბიზნესი დაპროექტებასთან იკვეთება, - მაგალითად, სამრეწველო პროდუქციის დაგეგმარებაში, - ბოლო წლებში იგი საინტერესო გახდა ისეთ მიმართულებებშიც, როგორებიცაა პროცესის შემუშავება, სერვისის დაგეგმვა და ორგანიზაციული და სტრატეგიული დაგეგმარება. აქ განვიხილავთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს პროტოტიპის შექმნას ბიზნესმოდელებზე მუშაობის დროს.
მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტის დამგეგმავები, არქიტექტორები და ინჟინრები ერთ ტერმინს იყენებენ, ისინი „პროტოტიპის“ მნიშვნელობას განსხვავებულად აღიქვავენ. ჩვენი გადმოსახედიდან, პროტოტიპი პოტენციურ ბიზნესმოდელს ასახავს: ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც კონცეფციის განხილვას, კვლევასა და დამტკიცებას უწყობს ხელს.
პროტოტიპი შესაძლოა, წარმოდგენილი იყოს როგორც მარტივი ჩანახატი, ბიზნესმოდელის ტილოს გამოყენებით აღწერილი, კარგად გააზრებული, კონცეფცია ან ელექტრონული ცხრილი, რომელშიც ბიზნესმოდელის ფინანსური ნაწილის იმიტირება ხდება.
გაითვალისწინეთ, რომ ბიზნესმოდელის პროტოტიპი არ არის აუცილებლად ნამდვილი ბიზნესმოდელის ჩანახატი. პროტოტიპი უფრო სააზროვნო ინსტრუმენტია, რომელიც ჩვენი ბიზნესმოდელის განვითარების სხვადასხვა შესაძლებლობის კვლევაში გვეხმარება. რა შეიცვლება ჩვენს მოდელში, თუ ახალ მომხმარებელთა სეგმენტს დავამატებთ? რა შედეგს მოგვიტანს ძვირად ღირებული რესურსების მოცილება? რა მოხდება, თუ რაიმეს უფასოდ გავცემთ და ამ შემოსავლის წყაროს რაიმე უფრო ინოვაციურით ჩავანაცვლებთ? ბიზნესმოდელის პროტოტიპის შექმნა და მანიპულირება გვაიძულებს, განსხვავებულად მივუდგეთ სტრუქტურასთან, ურთიერთობებთან და ლოგიკასთან დაკავშირებულ საკითხებს, ისე, როგორც ამას უბრალო ფიქრისა და მსჯელობის პროცესში ვერ შევძლებდით. სხვადასხვა შესაძლებლობის დადებითი და უარყოფითი მხარეების გააზრებისა და კვლევის პროცესისთვის ხელშეწყობის მიზნით, საჭიროა, ბიზნესმოდელის რამდენიმე, სხვადასხვაგვარად დამუშავებული პროტოტიპი შევქმნათ. იდეები პროტოტიპებთან მუშაობის დროს უფრო ადრე იბადება, ვიდრე მსჯელობის დროს. ბიზნესმოდელების პროტოტიპებს ფიქრისა და რისკიანი იდეების პროვოცირება შეუძლია. ისინი აზროვნებისკენ გვიბიძგებს. პროტოტიპის შექმნა არ გულისხმობს უბრალოდ შერჩეული ბიზნესმოდელის ჩვენებას. იგი ერთგვარი მინიშნებაა, რომელიც ჯერ კიდევ წარმოუდგენელი შესაძლებლობების დანახვაში გვეხმარება. აღნიშნული კვლევის პროცესი საუკეთესო გადაწყვეტილებების ძიებას ემსახურება. მხოლოდ სიღრმისეული კვლევის შედეგად შეგვიძლია პროტოტიპის შერჩევა, დახვეწა და დასრულება.
ბიზნესმოდელის შესწავლის პროცესში, მოსალოდნელია, ბიზნესმენებმა ორი ტიპის რეაქცია გამოამჟღავნონ. ზოგიერთმა შეიძლება თქვას, „ეს კარგი იდეა იქნებოდა, საკმარისი დრო რომ გვქონდეს სხვადასხვა ვარიანტის შესასწავლად“. სხვებმა შეიძლება თქვან, რომ ბაზრის კვლევა თანაბრად კარგად დაგვეხმარებოდა ბიზნესმოდელების მოფიქრებაში. ორივე რეაქცია ნაადრევი დასკვნებითაა ნაკარნახევი, რაც სახიფათოა.
პირველის თანახმად დასაშვებია, რომ არსებული ან მცირედით გაუმჯობესებული ბიზნესი დღევანდელ კონკურენტულ გარემოში არსებობას შეძლებს. ჩვენი რწმენით, კომპანია, რომელიც ამ გზას აირჩევს, თავის საქმეს მხოლოდ საშუალო ხარისხით ასრულებს. ბიზნესსუბიექტები, რომლებიც ვერ ახერხებენ, გამონახონ დრო ბიზნესმოდელების ახალი, რევოლუციური იდეების მოსაფიქრებლად და პროტოტიპის შესაქმნელად, რისკავენ, რადგან სავსებით შესაძლებელია, მათ თითქოს არსაიდან, უფრო მოქნილი ან სრულიად ახლებური ამოცანების მაძიებელი კონკურენტები გამოუჩნდნენ, რომლებიც იოლად დაჯაბნიან.
მეორე რეაქციის მიხედვით დასაშვებია, რომ ახალ სტრატეგიულ მიმართულებებზე მუშაობისას გასათვალისწინებელ ფაქტორებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ბაზრის მონაცემები. არადა, საქმე ასე არ არის. როდესაც საქმე პროტოტიპების შექმნის ხანგრძლივ და შრომატევად პროცესს ეხება, ბაზრის კვლევა მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია. პროტოტიპების მიზანია ახალი, ძლიერი ბიზნესმოდელების შექმნა, რომლებიც კონკურენტებისაზე უკეთესი იქნება ან სრულიად ახალი ბაზრის შექმნას შეძლებს.
სად ხედავთ თქვენს ორგანიზაციას მომავალში? გსურთ, ისეთი წარმატებული იყოთ, როგორიც არასდროს ყოფილხართ, და ამიტომ დაუთმეთ დრო ახალი, ძლიერი ბიზნესმოდელების პროტოტიპების შექმნას? ან იქნებ გირჩევნიათ, რომ კონკურენტებმა გაჯობონ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ არსებული ბიზნესმოდელის შენარჩუნება არჩიეთ? როგორც ვხედავთ, ღრმა და მუდმივი კვლევის პროცესი ახალი, რევოლუციური ბიზნესმოდელების შექმნის საფუძველია.
ინსტრუმენტი - სხვადასხვა მასშტაბის პროტოტიპები
მაგალითი - საკონსულტაციო კომპანიის ახალი ბიზნესმოდელი
როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ავტორი: ალექსანდრ ოსტერვალდელი და ივ პენიე