უფასო ბიზნესმოდელში სულ ცოტა ერთი მნიშვნელოვანი მომხმარებელთა სეგმენტი მუდმივად სარგებლობს უფასო შეთავაზებით. უფასო შეთავაზებას სხვადასხვა ფაქტორი უზრუნველყოფს. მომხმარებელთა სეგმენტს, რომელიც უფასო შეთავაზებით სარგებლობს, ბიზნესმოდელის სხვა ნაწილი ან სხვა მომხმარებელთა სეგმენტი აფინანსებს.
უფასო შეთავაზება ყოველთვის მიმზიდველი იყო. ნებისმიერი მარკეტერი ან ეკონომისტი დაგიდასტურებთ, რომ ნულოვანი ფასი ბევრად დიდ მოთხოვნას იწვევს, ვიდრე ერთი ცენტი ან ნებისმიერი სხვა დაბალი ფასი. ბოლო წლებში უფასო შეთავაზებების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა, განსაკუთრებით - ინტერნეტში. ბუნებრივია, ისმის კითხვა: როგორ გამოიმუშავებს კომპანია შემოსავალს, როდესაც იგი სისტემატურად უფასოდ სთავაზობს მომხმარებლებს პროდუქტებსა და სერვისებს? უფასო შეთავაზებას, მაგალითად - მონაცემთა ბაზების ონლაინსაწყობს, ნაწილობრივ წარმოების ხარჯის შემცირება განაპირობებს. თუმცა ამავდროულად, ორგანიზაციას, რომელიც მომხმარებლებს უფასო პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს, მოგების მისაღებად შემოსავალი უნდა ჰქონდეს.
არსებობს ბიზნესმოდელის რამდენიმე ნიმუში, რომელიც უფასო პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებას უზრუნველყოფს. ამის მაგალითია რეკლამების განთავსება, რომელიც მრავალმხრივი პლატფორმის ნიმუშზეა დაფუძნებული. სხვა მოდელები ციფრული პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებასთან ერთად გახდა პოპულარული. ამის მაგალითია ეგრეთ წოდებული „ფრიმიუმ“ (free+ premium - უფასო+პრემიუმ) მოდელი, რომელიც მომხმარებლებს ძირითად სერვისებს უფასოდ სთავაზობს, ხოლო პრემიუმ სერვისებს - საფასურის სანაცვლოდ.
„გრძელი კუდის“ კონცეფციის ავტორს, კრის ანდერსონს უფასოს კონცეფციის გავრცელებაშიც მიუძღვის წვლილი. ანდერსონის თქმით, უფასო შეთავაზებების რაოდენობის ზრდა ციფრული პროდუქტებისა და სერვისების კომერციალიზაციის ფუნდამენტურად განსხვავებულმა მიდგომამ განაპირობა. მაგალითად, მომღერალს სიმღერის შესაქმნელად და ჩასაწერად დრო და ფინანსური რესურსები სჭირდება, მაგრამ სიმღერის ციფრული ასლის დამზადება და ინტერნეტით გავრცელება თითქმის უფასოა. აქედან გამომდინარე, სანამ მომღერალი ხარჯების დასაფარავად კონცერტებს გამართავს და შემოსავლის სხვა წყაროებს მიაგნებს, მას შეუძლია, თავისი მუსიკა ინტერნეტით გაავრცელოს. მაგალითად, ჯგუფ „რედიოჰედს“ და ტრენტ რეზნორს ჯგუფ „ნაინ ინჩ ნეილსიდან“ წარმატება უფასო მუსიკის გავრცელებამ მოუტანა.
ამ თავში სამ განსხვავებულ ნიმუშს განვიხილავთ. აღნიშნული ნიმუშები ცხადყოფს, რომ "უფასო“ ბიზნესმოდელის დანერგვა სავსებით შესაძლებელია. თითოეულ ნიმუშში სხვადასხვა კომერციული საქმიანობაა წარმოდგენილი, თუმცა, ყველას საერთო მახასიათებელი აქვს: სულ ცოტა ერთი მომხმარებელთა სეგმენტი მუდმივად სარგებლობს უფასო შეთავაზებით. მომდევნო გვერდებზე წარმოდგენილ ნიმუშებს შორისაა: (1) მრავალმხრივ პლატფორმაზე დაფუძნებული უფასო შეთავაზება (რეკლამების განთავსება), (2) უფასო ძირითადი სერვისები და ფასიანი პრემიუმ სერვისები (ეგრეთ წოდებული „ფრიმიუმ“ მოდელი) და (3) „სატყუარასა და ანკესის“ მოდელი, რომელიც მომხმარებელს თავდაპირველად, უფასო ან იაფი შეთავაზებით მიიზიდავს, რათა მან განმეორებითი შენაძენი გააკეთოს.
რეკლამის განთავსება: მრავალმხრივი პლატფორმის მოდელი - მაგალითი
მიიღეთ საბაზისო შეთავაზება უფასოდ და გადაიხადეთ მეტისთვის - მაგალითი
როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ავტორი: ალექსანდრ ოსტერვალდელი და ივ პენიე