ბიზნესმოდელის თითოეული ძირითადი პროექტი უნიკალურია და განსხვავებულ ამოცანებს, ძირეულ წინააღმდეგობებსა და წარმატების მიღწევის შესაძლებლობებს ასახავს. როდესაც საქმე ბიზნესმოდელს ეხება, ყველა ორგანიზაცია სხვადასხვა ათვლის წერტილიდან იწყებს მუშაობას და თითოეულს სხვადასხვა გარემოებები და ამოცანები აქვს. ამასთანავე, ახალ ბიზნესმოდელს სხვადასხვა ორგანიზაციისათვის განსხვავებული დანიშნულება აქვს. ზოგიერთი კრიტიკული მდგომარეობას დაძლევას ცდილობს, ზოგი ზრდის ახალ შესაძლებლობებს ეძებს, ზოგი სტარტაპის რეჟიმშია, სხვებს კი ბაზარზე ახალი პროდუქტების ან ტექნოლოგიების შეტანა სურთ.
ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროცესი ერთგვარი ათვლის წერტილია. მასზე დაყრდნობით, ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია საკუთარი მიდგომის ჩამოყალიბება. პროცესს ხუთი ფაზა აქვს: მობილიზება, გააზრება, პროექტირება, დანერგვა და მართვა. თავდაპირველად, თითოეული ფაზის ზოგად აღწერილობას შემოგთავაზებთ, ხოლო შემდეგ, ხუთივე ფაზას განვიხილავთ აღიარებული ორგანიზაციის თვალთახედვით, რადგან ასეთ ორგანიზაციებს უკვე აქვთ ერთი ან მეტი ბიზნესმოდელი, რომელთა ცვლილებაც დამატებითი ფაქტორების გათვალისწინებას მოითხოვს.
ბიზნესმოდელის ცვლილებას ორგანიზაციის მიერ დასმული კონკრეტული ამოცანა განაპირობებს. რომელიც შეიძლება იყოს: (1) იმ საჭიროებების დაკმაყოფილება, რომლებსაც ბაზარზე არსებული სხვა შეთავაზებები ვერ აკმაყოფილებს, (2) ახალი ტექნოლოგიების, პროდუქტების ან სერვისების ბაზარზე შეტანა, (3) არსებული ბაზრის გაუმჯობესება, გარდაქმნა ან მასში სიახლის შეტანა და (4) სრულიად ახალი ბაზრის შექმნა.
სტაჟიან კომპანიებში, როგორც წესი, ბიზნესმოდელის შეცვლის საჭიროებას არსებული ბიზნესმოდელი და ორგანიზაციული სტრუქტურა განაპირობებს. ასეთ დროს ორგანიზაციის სამოტივაციო ფაქტორებია: (1) კრიზისული სიტუაცია, რომელიც არსებულ ბიზნესმოდელს უკავშირდება (ზოგიერთ შემთხვევაში, „სიკვდილთან მიახლოებული“ მდგომარეობაც), (2) არსებული ბიზნესმოდელის შესწორების, გაუმჯობესების ან მხარდაჭერის საჭიროება, რათა იგი ცვალებად გარემოს მოერგოს, (3) ახალი ტექნოლოგიების, სერვისებისა და პროდუქტების ბაზარზე შეტანა ან (4) მომავლისთვის მზადება, რისთვისაც ორგანიზაცია სწავლობს და აფასებს სრულიად ახალ ბიზნესმოდელებს, რომლებმაც საბოლოო ჯამში შეიძლება, არსებული ბიზნესმოდელებიც ჩაანაცვლოს.